მიწა მივაყარე. ფეხებით დიდხანს ვტკეპნიდი და წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია – დინა მირცხულავა:

ბავშვობაში, როცა პატარა ვიყავი და სულიც ისეთივე გამჭვირვალე მქონდა, როგორიც კაბა მეცვა, საუკეთესო მეგობარი მომიკვდა.
საერთოდაც ბავშვობა მომიკვდა ბავშვობაში.
იმიტომ რომ ერთ დღეს ცა გაწითლდა და დენთის სუნი შეერია ირგვლივ ყველაფერს.
ომი დაიწყო.
მერე ჩემი ძმა რომ დაიბადა, დედაჩემის ნათქვამმა – უკვე დიდი გოგო ხარ და შენით შეიკარი თასმა ფეხსაცმელზე – საბოლოოდ მომიკლა ბავშვობა და გამჭვირვალე კაბას აღარ გავკარებივარ.
ახლა მეგობარზე.
საუკეთესოზე.
ჩემსავით სიფრიფანა გოგოზე.
ერთადერთზე.
იმიტომ რომ სხვა არავინ მემეგობრებოდა მაშინ.
ყველაფერს მასთან ვეზიდებოდი.
მაშინ რა ვიცოდი და ახლა ვიცი, რომ ურთიერთობას ვყიდულობდი – კამფეტებით, ხილით, თოჯინებით, ფერადი ფანქრებით.
ერთხელ საათი ჩამომიტანეს მოსკოვიდან. შუშის შიგნით ფერადი თვლები ეყარა და მართლა ძალიან ლამაზი იყო, ჩემს სიფრიფანა გოგოს მოუხდებოდა წვრილ მაჯაზე. მისი სახლისკენ დავეშვი.
ლაპარაკი მომესმა და გავჩუმდი.
ჩემზე ლაპარაკობდნენ. დედამისს არ მოვწონდი.
რა თქმა უნდა, უმიზეზოდ.
აბა, დევნილობა რანაირი მიზეზია ?!
მიჩუმდნენ.
დედამ გამომხედა.
სახლში არ არისო – მითხრა და გამიღიმა.
ასეთი ღიმილი არასოდეს მინახავს და ღმერთმა ნუღარ მანახოს.
საათი მაჯაზე წამოვიცვი და დიდი ქალის ნაბიჯებით ამოვუყევი ორღობეს, გაბერილი გული მომქონდა…
აგერ ახლახანს ბავშვობა დავმარხე და ახლა მეგობრისთვის უნდა მიმეყარა მიწა.
სკოლის ეზოში ნაძვებთან ჩავიმუხლე და მიწას დავუწყე ამოჩიჩქვნა, მერე საათი ფრთხილად ჩავდე და მიწა მივაყარე.
ფეხებით დიდხანს ვტკეპნიდი და წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია.
ისევ დედაჩემის ნათქვამი, „უკვე დიდი გოგო ხარ !“ … ჰოდა, დიდი გოგოები ზოგჯერ მარხავენ მეგობრებს ….
/დინა მირცხულავა/

კომენტარები