მიხეილ ბატიაშვილი – „2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, კომფორტულ გარემოში ჩატარდა“

„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს! მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა. გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.
წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა და სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა იმისათვის, რომ აპლიკანტებისთვის გამოცდები კომფორტული გარემოში ჩატარებულიყო. გარდა იმისა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემით, ადგილზე მუდმივად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი – 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.
წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა – ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

კომენტარები