“მიხეილ სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდეს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მისივე თქმით, სააკაშვილს იმხელა წონა არ აქვს, რომ ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს ხვდებოდნენ.
„ალბათ, ამაზე პასუხს მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის ასეთი შეხვედრა შედგა, მხოლოდ კარგია. მნიშვნელოვანია, მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდეს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. პარლამენტებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და თუ მჭიდრო თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გაგრძელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ, თუ ასეთი შეხვედრა მალე შედგება პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, როგორ გარემოშიც უნდა იყოს, მნიშვნელოვანია. უკრაინელ მეგობრებთან მეგობრობის მოთხოვნა გვაქვს, მეტი მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა გაღრმავდეს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს – ეს საკითხი ისტორიულ მეგობრობას ჩრდილში ვერ მიაყენებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული. ხელისუფლებებს შორის მეგობრობა გაგრძელდება.  მიხეილ სააკაშვილი არ არის იმდენად აქტუალური, რომ მის გამო ერთი ქვეყნის პრემიერი მეორე ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდეს. სააკაშვილს არაფერი შერჩა, მას არაერთგზის გასცა პასუხი ქართველმა ხალხმა. სამართლებრივადაც პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძენს სააკაშვილი რამე როლს უკრაინაში. ერთი ასეთი ჰქონდა და როგორ დამთავრდა, კარგად იცით. თუ მომავალში რამე მცდელობა ექნება, ასეთივე „წარმატებით“ დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები