მიხეილ სააკაშვილი – „მათი სალაფავის დრო დასრულდა, – კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა- იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს“

-„ჩვენ, სააკაშვილები ვართ გორიდან, ბაბუაჩემი გორიდან არის. მინდა გითხრათ, – ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმია. ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან, – შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან -გამარჯვება. სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი- გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება, ჩვენ ამისთვის ვემზადებით. თქვენ ხედავთ, გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, – კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი, კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე, იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რამდენიმე დღე მოიპარონ. ცდილობენ, მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, მათ იციან, მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.

მივმართავ სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებს, – ნუ შეასრულებთ უკანონი ბრძანებებს, თქვენს წინააღმდეგ არავინ არაფერს აპირებს. გაძლევთ გარანტიას, – ყველა, ვინც პატიოსნად მუშაობს და ასეთია ჩვენი სამოქალაქო სამსახურის აბსოლუტური უმრავლესობა, შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს. თქვენ აგეწევათ ხელფასი, გაუმჯობესდება პირობები, ბევრად უკეთესი პერსპექტივა გაგიჩნდებათ, აღარავის ხელის ბიჭები, გოგოები და აღარავის მონები არ იქნებით. თქვენ იქნებით ხალხის მსახურები და ჩვენ ამის გარანტიებს აუცილებლად შეგიქმნით. ახლა „საქმის გარჩევების“ დრო არ არის.

რვა წელია, ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ, რაც გაყოფილია, ჩავეხუტიოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას.

 

კომენტარები