მიხეილ სააკაშვილი – „ყველამ იცის, რომ ციხეში არ უნდა ვიჯდე. ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა მოშორდეს“

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. განხილვას ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმის განხილვისას, დარბაზში მსხდომებსა და საზოგადოებას მიმართა.

-„ყველამ იცის, რომ მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, –  ეს ბრალდებები არნახულად შეთითხნილია. როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა შემოვიარე, ჰოლანდიაში გენერალურმა პროკურორმა ოთხჯერ დამპატიჟა, –  მთელი პროკურატურისთვის ლექცია წამეკითხა, ევროპაში ყველაზე სამართლებრივ ქვეყანაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ბრალს ჩემს წინააღმდეგ, ამ ბედოვლათების გარდა, არის რუსეთი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. მე მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, არავითარი ხელის ჩამოშვება, არავითარი პაუზები და გაჩერება. ჩვენ სამშობლო გვყავს გადასარჩენი. ყველანი მობილიზებული, ყველანი მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადაკლული და თავგადადებული. აჰა, ხომ გადავდე თავი, ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ თავი, ხომ გადადო ნიკა მელიამ თავი, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში. ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი. არანაირი უკან დახევა, ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა მოშორდეს, საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დიდი მადლობა, ჩემო ქართველო ხალხო იმისთვის, რომ მიმიღეთ, მხარს მიჭერთ, იბრძვით. ჩვენ ამ საშინელებას აუცილებლად დავამარცხებთ და ვიქნებით თავისუფალი, ამაყი და ძალიან წარმატებული. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და წმინდა გიორგი. გაუმარჯოს საქართველოს. თავისუფლება დღეს ჩვენი!“

კომენტარები