„მნიშვნელოვანია, ამ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს ქვეყანას და ხეობას“ – „ენკას“ წარმომადგენლები რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან

„ნამახვანი ჰესის“ პროექტის ინვესტორი კომპანია „ენკას“ წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტში რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებიან. ადგილზე იმყოფება კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძეც.

-„ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. დღეს, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს. მინდა, მოვინახულო ყველა სამშენებლო მოედანი.ეს პროექტი არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პროექტზე, ყველა ძალიან დიდი იმედით შევცქერით ამ პროცესებს.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის და მისი მნიშვნელობის მიმართ. ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე.

ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, ეს იქნება კაშხლის მშენებლობა თუ სხვა, არ დაიწყება, ვიდრე არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს ქვეყანას და ხეობას“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

რიონის ხეობის მცველები უკვე ხუთ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

კომენტარები