მოკლემეტრაჟიანი საგაზეთო დოკუმენტური ფილმი: „ხვალ მოხდება ის, რაც დღეს დაუჯერებლად გეჩვენება!“

 

კადრი 1

მოქმედება ხდება 2007 წლის გაზაფხულზე. მოსამართლე მამუკა ნოზაძე შვიდიოდე თვის წინ დაპატიმრებული 12 სრულიად უდანაშაულო ადამიანის საქმეს განიხილავს. მათ ბრალად შეირაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა ედებათ. საქმე რომ შეთითხნილი და თეთრი ძაფით ნაკერია, აშკარად ჩანს, თუმცა სააკაშვილი და მისი მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია, რომელთა დაკვეთითაც ცრუ ბრალდება შეითითხნა, თავგამოდებით ცდილობენ ილუზიის შექმნას, თითქოს, ამ ადამიანების ხელით კრემლი მათი ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას აპირებდა. თავად კრემლის მარიონეტებს განსაკუთრებით სჭირდებათ „კრემლის წინააღმდეგ“ მებრძოლის იმიჯი, რისთვისაც, 12 უდანაშაულო ადამიანს (მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორს) დაუნდობლად წირავენ…

რეჟიმის ტყვეების ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა შავგულიძე თავის მგზნებარე დაცვით სიტყვაში დაუნდობლად ამხელს სააკაშვილ-ბოკერიას ცილისწამების არსს. აცხადებს, რომ წლების შემდეგ, ეს საქმე ჯალათური რეჟიმის უსამართლობის მამხილებლად იქცევა,   რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაგალითად შეასწავლიან… მაგრამ, მომავალში ხდება ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი:

კადრი 2

მოქმედება ვითარდება რეჟიმის შემდგომ საქართველოში, 2018 წლის აპრილი დგას. ადვოკატი შალვა შავგულიძე უკვე პოლიტიკაშია და „სამართლიანობის აღდგენისთვის“ იბრძვის. სულ ახლახან, მან გიგა ბოკერიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური პარტია და უზენაესი სასამართლოს წინ საპროტესტო აქციას აწყობს. დიახ, სწორედ იმ ბოკერიასთან ერთად, ვისი უსამართლობით აღშფოთებულიც, 11 წლის წინ სასამართლოში მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა. დიახ, სწორედ იმ გიგა ბოკერიასთან ერთად, რომელზეც შავგულიძის დაცვის ქვეშ მყოფმა სხვა პოლიტიკურმა პატიმარმა, სულხან მოლაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ სასტიკ წამებაში პირადად მონაწილეობდა! აქციას აშუქებს 30-მდე მედია საშუალება, ჩართულია ტელეკამერები, რომელთა წინაშე სიტყვით გამომსვლელი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს უსამართლობის წინააღმდეგ!

სწორედ ამ ეპიზოდს შევესწრები მე, ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელსაც 11 წლის წინ შალვა შავგულიძე ბოკერიას ძალმომრეობისგან მიცავდა. ჟურნალისტების გარემოცვაში მყოფ შალვას დიქტოფონს ვუშვერ და კითხვით მივმართავ: როდის იყო ის მართალი, როდესაც, ცხონებულ სულხან მოლაშვილს და პირადად მე – ბოკერიას ძალმომრეობისგან გვიცავდა; თუ ახლა, როდესაც ბოკერიასთან გაერთიანდა პარტიაში და „სამართლიანობის აღდგენას“ ჯალათის გარემოცვასთან ერთად აანონსებს?

შალვა ბრინჯივით იბნევა და ლუღლუღებს.  მის გარემოცვას გამოეყოფა ჯანიანი ზონდერი, რომელიც ოცდაათამდე ჩართულ ტელეკამერას არ ეპუება, ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების მომენტში ხელს მირტყამს და ცდილობს, ბრიფინგის ადგილიდან ძალის გამოყენებით გამათრიოს! „სამართლიანობის დამცველი“ შალვა კი – ზონდერის თანამოაზრეა!

სისხლის სამართლის დანაშაული აშკარაა. ჟურნალისტს ხელი შეუშალეს! პოლიციაც ადგილზეა! მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! ხელბორკილები დამნაშავეს კი არა, ჩემს მაჯებს ესალტება! ჟურნალისტზე თავდამსხმელის ნაცვლად, თავად ჟურნალისტს მაპატიმრებენ!

ჩემს მიმართ ნაცების რეჟიმის მიერ დაწყებულ უსამართლობას ქოცების ძალოვნები სიმღერის მისამღერივით განაგრძობენ! რა გაეწყობა… ჩემს სიმართლეს სასამართლოზე დავამტკიცებ. ნაცების დრო ხომ არ არის, ისევ უსამართლოდ დავისაჯო? მაგრამ, მავიწყდება შეგონება, რომელიც ბედისწერასავით ამეტორღიალა: „ხვალ მოხდება ის, რაც დღეს დაუჯერებლად გეჩვენება!“

კადრი 3

სასამართლო დარბაზი. მაჯებზე ისევ მატყვია უსამართლოდ დადებული ბორკილების კვალი, როგორც ოდესღაც, 12 წლის წინ, როცა შეიარაღებული გადატრიალების ბრალდებით დამაპატიმრეს და ციხეში 5 წლით გამომკეტეს! დარბაზში სიმპათიური გარეგნობის ქალბატონი შემოდის – ის მოსამართლე ნათია ტოგონიძეა, რომელმაც ჩემს მიმართ პოლიციელების ბრალდება უნდა განიხილოს. ბრალდება კი, შემდეგში მდგომარეობს: მე დავარღვიე საზოგადოებრივი წესრიგი და წინააღმდეგობა გავუწიე პოლიციას, რომელიც დამშვიდებისკენ მომიწოდებდა. არადა, რაც უზენაეს სასამართლოსთან რეალურად მოხდა, ყველა ტელევიზიამ თუ სააგენტომ გააშუქა!

იმდენად მართალი ვარ კანონის წინაშე, რომ უარს ვამბობ ადვოკატზე და მოსამართლეს ვპასუხობ, რომ თავს თავად დავიცავ. ჩემს სიმართლეს ხომ, თვით ბრალმდებელთა მიერ  წარმოდგენილი ვიდეოკადრები ღაღადებს!

მოსაფიქრებელ ოთახში განაჩენის გამოსატანად გასული მოსამართლე დარბაზში ბრუნდება და გადაწყვეტილებას აცხადებს: ზაზა დავითაია მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით! (არადა, ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარს არ აღემატება!)

იცნობდეთ – სიყალბის და უსამართლობის მორიგი დიდოსტატი, მოსამართლე ნათია ტოგონიძე, რომელმაც კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ნაცვლად, სასამართლო დარბაზში კოაბიტაციის ინტერესები დაიცვა და ჟურნალისტზე თავდამსხმელი, ნაცების რეჟიმისდროინდელი მაღალჩინოსანი დავით ნაფეტვარიძის ნაცვლად, ზონდერისგან დაზარალებული ჟურნალისტი, სამართლიანი და თამამი კითხვის დასმის გამო დამსაჯა!

კადრი 4

მოსაწყენი, მაგრამ, აუცილებელი ეპიზოდი, როგორ ვსესხულობ თანხას, ვიხდი უსამართლოდ მოსჯილ ჯარიმას, შემდეგ ვასაჩივრებ მოსამართლის გადაწყვეტილებას. იმედი გადამეწურა, რომ წარმატებას მივაღწევ, მაგრამ არც გაჩერება და დანებება შემიძლია! რაო? – „ხვალ მოხდება ის, რაც დღეს დაუჯერებლად გეჩვენება?“  – მართლაც, ამჯერად სასამართლო პროცესს ვიგებ, თანხას ვიბრუნებ და ვალს ვისტუმრებ!

კადრი 5

„ხვალ მოხდება ის, რაც დღეს დაუჯერებლად გეჩვენება!“ – ბრალი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 2006 წელს ცილისმწამებლურად შეგვითითხნა და მრავალი წლით ციხეში გამოგვკეტა – გაბათილებულია! სასამართლოს, რომელიც რეჟიმის მიერ ჩემი და ჩემი მეგობრების რეპრესიის საქმეს განიხილავდა, ჩვენი რეაბილიტაციის განაჩენი გამოაქვს!   განაჩენში ნათქვამია, რომ უფლება გვაქვს, ციხეში უსამართლოდ გატარებული წლების გამო ფულადი კომპენსაცია მივიღოთ!

კომპენსაცია – ჩემთვის უკანასკნელი შანსია, რათა რეჟიმის მიერ უსამართლო დაპატიმრებით დამსხვრეული ცხოვრება და  ჯანმრთელობა ოდნავ მაინც გამოვასწორო. ციხეში და ციხის შემდეგაც, უსამართლო დევნით, ფიზიკური თავდასხმებით თუ ყოველდღიურად, ლიკვიდაციის მუქარით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანი მინიმალურად მაინც ავინაზღაურო. ვერავინ განსაზღვრავს, რამდენად შეიძლება შეფასდეს უკანონო და უსამართლო პატიმრობის თითოეული დღე, როცა შენს სიცოცხლეს სიკვდილის რეალური საფრთხე ემუქრებოდა! მოთმინებით ველოდები, როდის  გამოყოფენ საქმის განსახილველად მოსამართლეს… „ხვალ მოხდება ის, რაც დღეს დაუჯერებლად გეჩვენება!“

კადრი 6

სახტად დარჩენილი ვდგავარ ადვოკატის წინ, რომელმაც ესესაა შემატყობინა, რომ საქმის განსახილველად მოსამართლე გამოყვეს. მოსამართლე, რომელზეც მთლიანად დამოკიდებულია ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მესამე ნაწილი. მოსამართლე, რომელმაც პირველ რიგში, შინაგანი განწყობა უნდა შეიქმნას ჩემს ყველა იმ ტკივილზე, რაც სახელმწიფომ, რეჟიმმა – უსამართლოდ და განსაკუთრებული დაუნდობლობით მომაყენა. გამოყვეს მოსამართლე, რომელმაც ჩემს მიმართ სამართლიანობის აღდგენა უნდა დააგვირგვინოს… იცით, ვინ არის იგი?

სწორედ ის მოსამართლე ნათია ტოგონიძეა, რომელმაც კოაბიტაცია გადაარჩინა და ცამდე მართალი, 2 წლის წინ, 1000 ლარით დამაჯარიმა!

იდუმალი ხმა კვლავ ჩამძახის: „ხვალ მოხდება ის, რაც დღეს დაუჯერებლად გეჩვენება!“

გაოგნებული ვფიქრობ…  კიდევ, რა შეიძლება მოხდეს, რაღა დარჩა დაუჯერებელი?

ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები