მოკლული ზურაბ დადეშელის ახლობლებმა რუსთავის სასამართლოს განაჩენს და დავით შონიას გათავისუფლებას გააპროტესტეს

მოკლული ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა ხაშურში, პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართეს. რუსთავის სასამართლოს განაჩენს და დავით შონიას გათავისუფლებას გააპროტესტეს. ისინი დამნაშავეების სათანადო დასჯას ითხოვენ. მოკლულის დედა შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

-„შესაძლოა, შონიას მიმართ საქმე ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროში გაყალბდა,  ერთ-ერთი ექსპერტი შონიას მოგვარე იყო. სწორედ შონიას მანქანით გაიტაცეს  დადეშელი, მანქანაში სისხლის კვალი იყო. განაჩენის ყველა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას ვაპირებთ, როგორც კი განჩინება ჩაგვბარდება“, – განაცხადეს  ოჯახის წევრებმა.

მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, რუსთავის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.  ბრალი ედებოდა დადეშელის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის უშუალო ორგანიზატორობაში.

სხვა ბრალდებულებს შორის პოლიციელებიც არიან, მოსამართლემ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულ ზურაბ ბარბაქაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს  9-9 წელი.

გახმაურებული მკვლელობა რუსთავში, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ დადეშელი მისივე მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა.

მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა დადეშელი შონიასა და ბარბაქაძეს მიუყვანეს. რამდენიმე დღეში, კი, დადეშელის სასტიკად ნაწამები ცხედარი, მტკვარმა გამორიყა. მას დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები