მოკლული ჩვილის მამას, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოკლული ჩვილის მამას, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის, იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„აქედან გამომდინარე, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, – განმარტეს შსს-ში.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები