მონაწილეობა მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში – დაიღუპა მე-3 ქვეითი ბრიგადის 33 სამხედრო მოსამსახურე

მე-3 ქვეითი ბრიგადა არის 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამართალმემკვიდრე, რომელიც 1992 წლის 6 აგვისტოს ქალაქ ახალციხეში ჩამოყალიბდა.

22-ე მოტომსროლელი ბრიგადის რეორგანიზაციისა და გადამზადების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის №397 ბრძანებით, 22-ე ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბდა მე-3 ქვეითი ბრიგადა, რომელსაც დისლოკაციის ადგილად განესაზღვრა ქ. გორი, 2006 წლიდან დღემდე დისლოცირებულია ქ. ქუთაისში.

ბრიგადა თავისი არსებობის მანძილზე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. რამდენიმე თვის წინ სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა ბრიგადის ნაკრები ასეული.

ამ ეტაპზე ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გადასროლის წინა შესაბამის წვრთნებს გერმანიაში გადის ბრიგადის ერთი გაძლიერებული ნაკრები ასეული, ხოლო საქართველოში წვრთნებს იწყებს 32-ე ქვეითი ბატალიონი.

ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ხოლო სამშვიდობო მისიების შესრულებისას დაიღუპა მე-3 ქვეითი ბრიგადის 33 სამხედრო მოსამსახურე, სხვადასხვა ხარისხის საბრძოლო ჭრილობები მიიღო 163-მა სამხედრო მოსამსახურემ.

კომენტარები