„მორგში ჩამათრიეს და გათბობის მილზე მიმაბეს… გვერდით ორი გაფატრული მიცვალებული იწვა“ – ყოფილი პატიმარი

ყოფილი პატიმარი, ზაზა აზარაშვილი ციხეში გადატანილი წამების შესახებ იმ ფაქტებს იხსენებს, რომელიც მან “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2011 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა.

-`ციხის ექიმს, ლია ცინცაძეს წამალი ვთხოვე, ცუდად ვიყავი. ციხის უფროსის მოადგილე მაიზერი (მას სვანური გვარი აქვს, რომელიც აღარ მახსოვს) ამოვიდა მუქარით, – როგორ ბედავ და წამალს ითხოვო, ხელი გამარტყა, კაბინეტში წამიყვანა, მაიძულებდა, – დამიწერე, შენი დისშვილები 2005 წელს “წრიპამ” (“კანონიერი ქურდის” მეტსახელია) მოკლაო, არადა, ზუსტად ვიცოდი, ვინ მოკლა ისინი, მკვლელმა მერე ციხეში თავი ჩამოიხრჩო… თუ დამიწერ, წამლებსაც მოგცემ და ყველა პრობლემას მოგიხსნიო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.

მეორე დღეს ოპერატიულმა მორიგემ, სახელად ზვიადმა საკნიდან ისევ მაიზერთან ჩამიყვანა. იქ სხვებიც იყვნენ. ისე მცემეს, ნეკნები დამიმტვრიეს.

მერე მორგში ჩამათრიეს, გათბობის მილზე მიმაბეს. ჩემგან ორ მეტრში ორი გაფატრული მიცვალებული იწვა. მილზე გაკეთებული წარწერა დამამახსოვრდა, რითაც ნებისმიერ დროს დავამტკიცებ, – მორგში ნამდვილად ვიყავი… წამება მილზე მიბმის შემდეგაც გააგრძელეს. ცერა თითებზე “პლოსკოგუბცი” (ბრტყელტუჩა) მომიჭირეს. სისხლი მდიოდა და ტკივილს ჭკუიდან გადავყავდი. მას შემდეგ თითებზე ფრჩხილები აღარ ამომდის. მთელი ღამე მორგში დამტოვეს. საშინელი შეგრძნება იყო, რომ ვიხსენებ, დღემდე ცუდად ვხდები. მაშინ ხელები თავისუფალი რომ მქონოდა, აუცილებლად მოვიკლავდი თავს. იმ ღამის შემდეგ ეპილეფსია განმივითარდა, რომლითაც დღემდე ვიტანჯები” – განაცხადა ყოფილმა პატიმარმა  გაზეთ “ასავალ – დასავალსთან”.

P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE – ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

კომენტარები