„მოსახდენი მოხდა, მე კიდევ გამიკვირდა, ამდენ ხანს გაუძლო ამ ოპოზიციამ – „კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ” – გუბაზ სანიკიძე

„ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე თვეების წინ აცხადებდა:

-„ისე არ მოხდეს, ყველა პარლამენტში შევიდეს და მე გარეთ დავრჩე“.

27 აპრილს ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „ნიუსრუმი“ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა:

-„ძველი ბერძნული მითოსიდან ვიცით ე.წ. კასანდრას წყევლა, – ღმერთებმა დასწყევლეს კასანდრა, რომ ყოველთვის სიმართლეს ილაპარაკებ, მაგრამ არასდროს არავინ დაგიჯერებსო, – როგორც ჩანს, ამ კასანდრას წყევლის ქვეშ ვარ.

მოსახდენი მოხდა, მე კიდევ გამიკვირდა, ამდენ ხანს გაუძლო ამ ოპოზიციამ. მე არც გადაწყვეტილებებში და მოლაპარაკებებში, არც შიდა ოპოზიციურ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, გამოდიან ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები და ისეთ რაღაცებს ყვებიან, დაუჯერებელ ამბებს.

ორ საკითხს ვიტყვი, რომელიც სავსებით მიღწევადი იყო, მაგრამ არ გაკეთდა, ჩემი ვარაუდით, ეს ოპოზიციის ბრალია. ცესკო-ს შემადგენლობა: დააყენა კი ოპოზიციამ იქ საკითხი, რომ თანაბარი ყოფილიყო შემადგენლობა ცესკო-სი ? რაღაც არ ეტყობა, იმიტომ, რომ გამოვრიცხავ, დასავლეთს ამაზე უარი ეთქვა. მეორე, რატომ არ დააკონკრეტა ოპოზიციამ, რა იგულისხმებოდა შეწყალებაში, ამნისტიაში? იქვე იყვნენ „ევროპელები“, შარლ მიშელიც ჩამოვიდა ორჯერ, რატომ არ დააკონკრეტა ოპოზიციამ ეს საკითხები? შემდეგ კიდევ, როგორ გგონიათ, ქართველ ხალხს აინტერესებს ის, რომ ხუთი კომიტეტი ოპოზიცას გადაეცეს ? ეს არის საინტერესო? – არა! როცა ხუთ კომიტეტს აიღებს ოპოზიცია, რაც ამ ქვეყანას დაემართება ცუდი ამბები, ოპოზიცია იქნება თანაპასუხისმგებელი ხელისუფლებასთან, მე არ მაქვს კარგი პროგნოზები საქართველოს შესახებ. იმიტომ, რომ როცა არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ის აუცილებლად კისერს იტეხავს ხოლმე. ეს ამბები ხომ შეიძლება მოგვარებულიყო?“

შარლ მიშელის შეთანხმებას პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები