მოსწავლეების მუხლებზე დაჩოქებისა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის იძულებით მოხდის ფაქტზე, არასრულწლოვნის ბებიას ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე ვ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი – ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განათლების სამინისტროში შესაბამის წარდგინებას გააგზავნის“.

კომენტარები