„მოუწევთ რურუას გათავისუფლება, – ალბათ, ამას ისევ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააკეთებენ“ – გიორგი გუგავა

-„8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი საგანი სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო, რაც დაირღვა.

გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, – მართლმსაჯულება მთლიანად პოლიტიზებულია.

სასამართლო ჯიბეში უდევს ოლიგარქს. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი საგანი სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, სასამართლო გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ივანიშვილმა დაარღვია, გადააგდო დასავლელი მოკავშირეები და ქართველი ხალხი. ჰგონია,  ეს თამაში გაუვა. რეალურად, გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა დაამძიმა საკუთარი განაჩენი, რომელიც მას წინ ელოდება. ეს იქნება სანქცირება, მისი პასუხისგებაში მიცემა.

ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს. ალბათ, ამას გააკეთებენ ისევ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით. ის ხომ ერთგვარი ხელის შესახოცი ფიგურაა, ყველა შავ საქმეს მას აკეთებინებენ,  საკუთარი რომ დაიზღვიონ, თითქოს, თავად ამ საქმეში არ არიან ჩარეული. დასავლეთის რეაქცია ვნახეთ, ისინი ხელისუფლებას გადაგდებას და შეთანხმებების დარღვევას არ პატიობენ. დასავლური თამაშის წესია შეთანხმების შესრულება. ივანიშვილი მოქმედებს რუსული კალკით, გადაგდების მეთოდიკით, ეს არ გაუვა. ამით სანქციებს გამოკრავს ხელს“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ.

30 ივლისს, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 29 ივლის  წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია, მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები