„მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ – ორგანიზაციებსაც, მათ შორის კერძო კომპანიებსაც, წესები დაიცვან“ – გიორგი გახარია

-„მივმართავ ორგანიზაციებსაც, მათ შორის კერძო კომპანიებსაც, წესები დაიცვან. ჯერჯერობით კორონავირუსის წინააღმდეგ თავის დასაცავად პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვისა და ხელების დაბანაზე ეფექტიანი არაფერია.

სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, უფრო ეფექტური წამალი, წინააღმდეგობა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები. მოგეხსენებათ, პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში, უკიდურესი რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც, ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, პირბადე მინიმუმ კიდევ ერთი წელი იქნებ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ყველა ორგანიზაციას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს.  მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად საქართველო ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები. ამიტომ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების და ხანდაზმულების ჯანმრთელობას. ეს არის ყველაზე რისკისშემცველი სოციალური ჯგუფი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ ხშირად 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები