„მოხდება პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებების შესწავლა. ძალიან სერიოზული კვლევის ჩასატარებლად ვემზადებით“- თენგიზ ცერცვაძე

-„მოხდება პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებების შესწავლა. ძალიან სერიოზული კვლევის ჩასატარებლად ვემზადებით, კვლევა, დაახლოებით მარტიდან დაიწყება. ვემზადებით უკვე ამ პაციენტების სისტემური მომსახურებისთვის, კვლევაში მოხვდება სულ დაახლოებით 400 ადამიანი. კვლევის მიზანია, შევისწავლოთ და დავდოთ პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებანი, შემდეგ ეს ქვეყნის ჯანდაცვამ პრაქტიკაში რომ გამოიყენოს. მეორე მიმართულება არის ასეთი პაციენტების მომსახურების სერვისების მიწოდების სისტემის შექმნა. სხვანაირად რომ ვთქვათ, -პროგრამა პოსტკოვიდური ავადმყოფებისათვის, რომლით სარგებლობაც შეეძლება ყველა პაციენტს. კვლევაში ჩართული თუ იქნება 400 პაციენტი, პოსტკოვიდური სინდრომის პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველა პაციენტს, ესეც დაახლოებით მარტში ამოქმედდება.

ყველაზე ხშირად პოსტკოვიდური სიმპტომებია საერთო სისუსტე და დაღლილობა.  სიმპტომების მეორე ჯგუფია სუნთქვის გაძნელება, გახშირება, მსუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე, – ნევროლოგიური პრობლემები, როგორიც არის მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი და ა.შ. მეოთხე -გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ჩივილები. მაგალითად, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რიტმის დარღვევა, ექსტრასისტოლები და ასე შემდეგ.

ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია. ძალიან ბევრს აღენიშნება გარკვეული ჩივილები და სიმპტომი კოვიდის გადატანის შემდეგ. ზოგს აღენიშნება კოვიდის გადატანისთანავე, ანუ უგრძელდება კოვიდისგან განკურნების შემდეგ, ზოგთან სინდრომები ვითარდება დაახლოებით, ერთი ორი თვის შემდეგ“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები