მსახიობი კახი კავსაძე თავის მეუღლეზე

მსახიობი კახი კავსაძე თავის მეუღლეზე:

-„როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, ორმოცი არ გვქონდა ჯერ გადახდილი. ორმოცის რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა, ვიჯექი და აქტიურად ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. უცბად ისეთი ნივთი გადმოვარდა კარადიდან, რომ მისი უბრალოდ ჩამოვარდნა შეუძლებელია. უნდა გადმოაყირავო კარადა, რომ ის ნივთი იქიდან გადმოვარდეს. გავოგნდი, ახტა და გადმოვარდა. ხმამაღლა დავუძახე, ბელა, აქა ხარ? კიდევ დამიმტკიცე, რომ აქა ხარ-მეთქი. უცბად ახტა ჩანგალი და გადმოხტა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, ჩემთვის ვფიქრობ, ხომ არ მომელანდა-მეთქი. როცა მაშინ იყო, მართლა მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, რომ ასე მოხდა. არის რაღაცეები, რაც კიდევ არაერთხელ მარწმუნებს, რომ ღმერთი არსებობს და მისი ყველას უნდა გვჯეროდეს. უფლის ძალიან მჯერა, მჯერა რას ჰქვია, ყველა ასე უნდა იყოს. ჩემი ცოლი იტყოდა ხოლმე, ისეთი რთული ორგანიზმი, ისეთი რთული ფიზიკა, ისეთი რთული ნაწილი სამყაროსი, როგორიც ადამიანია, როგორ შეიძლება სულ გაქრესო. ამოდენა ენერგია როგორ შეიძლება, რომ გაქრეს? ის ფიზიკურად ქრება, თორემ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ცოცხალი იყო, ასე უკვალოდ გაქრეს? რა თქმა უნდა, ადამიანი ცხოვრებას მერეც აგრძელებს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ“.

 

კახი კავსაძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010).

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია.

აღსანიშნავი როლებია: ადამი (“ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია (“გუშინდელნი”), დევდარიანი (“საბრალდებო დასკვნა”), ილიკო (“მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა(“კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი (“რიჩარდ III”), კენტი (“მეფე ლირი”), რასპუტინი (“კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი (“მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”). კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან; 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2009 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 2001 – იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი “იპო”
  • 1989 – ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემია
  • 1981 – საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1976 – საქართველოს დამსახურებული არტისტი
კომენტარები