„მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა – რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი, რამაც შეარყია …“ -ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმაზე“

„ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებელი სამიტი ამჟამად უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ყირიმის პლატფორმის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

-„ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა. უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს. საერთო მტრის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილისა და მთავარი ღირებულებებისთვის – თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის გვაძლიერებდა ნებისმიერი სხვა ძალის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ერთობის რღვევის მცდელობისკენ იყო მიმართული.

უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში.

ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იქნა და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი თავგანწირვა ქართველებმა სახელმწიფო ჯილდოთი დააფასეს.

13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, ათობით ქართული სოფელი ცეცხლში დაიფერფლა და განადგურდა, რითაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა აგორდა და ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი სახლებიდან განიდევნა. შედეგად, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი, რამაც შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.

მოგვიანებით, 2014 წელს უკრაინამაც იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ გავხდით რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის მომსწრენი, რომელიც სამშვიდობო პროცესების შერყევისკენ, ადგილზე უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ტვირთის დამძიმებისკენ არის მიმართული და ეს ყველაფერი საერთაშორისო ვალდებულებების – რაც მთავარია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნიველირებით – ხდება. მოუგვარებელი კონფლიქტები ბნელ სურათს უქმნის რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მთელ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებისას, უფრო ძლიერი პოზიცია უნდა გვეჭიროს უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ. რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, დასავლეთს აუცილებლად მოუწევს დესტაბილიზაციის მზარდ წყაროებთან პირისპირ შეხება“.

„ყირიმის პლატფორმის“ შექმნა ემსახურება ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის ფაქტის მსოფლიო დღის წესრიგში აქტუალიზებას.

პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები