„მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია“ – „სინოფარმის“ ეფექტურობა ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ ამბობენ, რომ ის უფრო უსაფრთხოა“ -თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:
-„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა დასაწყობებულია, ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მის დამტკიცებას ელოდება.
1 500 ადამიანი იცრება ყოველ დღე. ეს მეტია, ვიდრე იყო მარტში, მაგრამ ოთხჯერ ნაკლებია იმაზე, რაც გვჭირდება საყოველთაო ვაქცინაციისთვის წლის ბოლომდე, 6 000 ადამიანის აცრაა საჭირო ყოველდღიურად. ახლა ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
„სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79-პროცენტიანი ეფექტურობა. ეს ცოტათი ნაკლებია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასი“, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ღირდეს მისი მასობრივი გაკეთება. ეს ნიშნავს, –  ყოველი ხუთი აცრილიდან ოთხს დაიცავს და ეს არ არის ცოტა. დაახლოებით ასეა გრიპის ვაქცინის დროსაც. როგორც ამბობენ, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, რამდენადაც ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.
რაც შეეხება იმას, დროულად თუ ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ღირს თუ არა მისი გამოყენება? ეს რთული კითხვაა. ნება მომეცით, ჩემს თავზე არ ავიღო მასზე პასუხი. ზოგი ქვეყანა იყენებს, იგივე უნგრეთი, რომელსაც რთული მარეგულირებელი ჰყავს. ის არ დაელოდა ჯანმოს. მე პირადად მაინც ვემხრობი, – „სინოფარმი“ გამოყენებულ იქნას საერთაშორისო აღიარების შემდეგ, რათა ადამიანების არაკეთილისმსურველ ნაწილს არ მიეცეს იმის თქმის საშუალება, რომ სახელმწიფომ გამოიყენა არასაერთაშოროსო და არაავტორიზებული ვაქცინა. მგონია, –  დაველოდებით ავტორიზაციას და შემდეგ გავუშვებთ ხმარებაში, თუმცა ბევრი ქვეყანა თვლის, –  რა დროს არჩევანია, როცა მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია. ისინი არ ელოდებიან საერთაშორისო აღიარებას“.

როდის დაიწყება, Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები