მსოფლიო მეცნიერების მიღწევები  Covid-პანდემიასთან ბრძოლაში

 

“არცერთი ჩვენგანი არ იქნება დაცული  პანდემიისგან, თუ ერთ ადამიანს მაინც დაემუქრება დაავადება!” – მიაჩნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელმაც თვეების განმავლობაში არა ერთი ქვეყნის ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, დაწესებულება თუ ინსტიტუტი მოიწვია სათანამშრომლოდ, ე.წ. ნოვატორული პლატფორმის ჩამოსაყალიბებლად და დაჩქარებული წესით კორონავირუსთან ბრძოლის რაციონალური მეთოდებისა და საშუალებების შესაქმნელად.

როგორც იტყვიან, ფაქტი სახეზეა! უამრავი კვლევის შედეგი,  დაკვირვების ანალიზი, სტატისტიკა, ტესტი, ვაქცინა, მიგნება თუ გამოგონება დადო მსოფლიო მეცნიერებამ!

სხვა საკითხია, რატომ ჩამორჩება ამ ფერხულს საქართველო, უფრო სწორად, რატომ ბლოკავენ ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა  სიტყვას, რატომ არ აძლევენ “ნიჭსა ქართულსა, გზას ფართოს”, რატომ ძირავენ ქართველ მეცნიერთა ნააზრევსა და შექმნილს,  ეს ცალკე სტატიის თემაა, რომელსაც მალე დეტალურად შემოგთავაზებთ, ახლა კი   გაგაცნობთ ყველაზე მასშტაბურ გამოგონებებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა დამსახურებაა:

 

ბრიტანელთა ახალი აპარატი Covid-19-თან საბრძოლველად

ბრიტანელმა სპეციალისტებმა შექმნეს ახალი ტიპის აპარატი (Exovent), რომელიც ჩაანაცვლებს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატს და პანდემიის პირობებში კლინიკებში შექმნილ უდიდეს დატვირთვებს შეამსუბუქებს.

 

Exovent მოწყობილობა ეფექტური, პაციენტებისთვის ბევრად მოხერხებული და რაც მთავარია, შედარებით იაფფასიანი აპარატია, იმ ტექნიკებთან შედარებით, რომლებიც ინტენსიური თარაპიის განყოფილებებში გამოიყენება.

Exovent აპარატის მუშაობა ეფუძნება ადამიანის სხეულის გარეთ წნევის დაქვეითებას, ფილტვის ქსოვილის გაფართოებისა და ფუნქციობისათვის, რაც ნორმალური სუნთქვის პროცესისთვისაა დამახასიათებელი.

ახალი მოწყობილობა მე-20 საუკუნეში პოლიომიელიტთან საბრძოლველად გამოყენებული (თავის დროზე წარმატებით გამოცდილი) “რკინის ფილტვების” ნიმუშის მიხედვითაა შექმნილ-შემუშავებული.

მკვლევართა განცხადებით – წნევის დაქვეითებაზე ორიენტირებული ეს მოწყობილობა გაცილებით მოხერხებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისთვის გამიზნულ სხვა აპარატებთან შედარებით. მომსახურებისთვის ნაკლებ პერსონალს საჭიროებს, რაც მთავარია, პაციენტებს არ სჭირდებათ სედაციური პრეპარატები, შეუძლიათ საკვებისა და მედიკემენტების პირის ღრუდან მიღება, ახლობლებთან ტელეფონით გასაუბრება.

 

კორონავირუსის აღმომჩენი მოწყობილობა

ფრანგულ ჟურნალში L’Obs გამოქვეყნდა სტატია კორონავირუსის აღმომჩენ მოწყობილობაზე.

BioIntelliSense პირველი კომპანიაა, რომელმაც წარმოადგინა ახალი მოწყობილობა სახელწოდებით BioButton.

ეს გამოგონება ჰაერში ვერ ახდენს ახალი ვირუსის აღმოჩენას, არამედ გამიზნულია გულ-მკერდზე დასაკრავად, კორონავირუსული ინფექციისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელო სიმპტომების გამოსავლენად.

მოწყობილობა უზრუნველყოფს ტემპერატურის, გულის რიტმის, სუნთქვის სიხშირის, ძილის აქტივობისა და ცალკეული პარამეტრების უწყვეტ მონიტორინგს, რაც კორონავირუსული ინფექციის პირველი სიმპტომების დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

კომპანია BioIntelliSense აქტიურად თანამშრომლობს კარდიოლოგიის ამერიკულ კოლეჯთან და კოლორადოს საუნივერსიტეტო კლინიკასთან, რომელიც პაციენტთა მომვლელ მედპერსონალს უზრუნველყოფს BioButton მოწყობილობით უმალ ვაქცინაციის შემდეგ.

კომპანია  BioIntelliSense ცდილობს დაარწმუნოს ყველა ორგანიზაცია და კომპანია – ახალი მოწყობილობით თანამშრომელთა აღჭურვის აუცილებლობაში, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად.

 

Facebook ალგორითმი, რომელიც Covidდაავადებულთა

მდგომარეობის პროგნოზირებას  მოახდენს

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის Facebook -თან თანამშრომლობით ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შემუშავდა ალგორითმი, რომელსაც შეუძლია კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მდგომარეობის გაუარესების პროგნოზირება ანუ წინასწარი შეფასება.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა CNBC.

გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური სურათის საფუძველზე ალგორითმს შეუძლია განსაზღვროს გაუუარესდება თუ არა მდგომარეობა მომხმარებელს და საჭირო გახდება თუ არა მისი მიერთება ხელოვნური სუნთქვის აპარატთან.

სპეციალისტთა განცხადებით – ამ ალგორითმით ექიმები აირიდებენ პაციენტთა კლინიკიდან დროზე ადრე გაწერას. ალგორითმს შეუძლია 96 საათით ადრე განსაზღვროს და უკარნახოს ადამიანს დასჭირდება თუ არა დაინფიცირებულს დამატებითი დახმარება.

როგორც გამომგონებლები განმარტავენ – სპეციალურ სისტემაში ჩატვირთულია ჯანმრთელი და კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გულ-მკერდის რენტგენოლოგიური სურათების მონაცემთა ორი ნაკრები.

 

ჭკვიანი ნიღბები, რომლებიც მობილური მოწყობილობით იმართება

კომპანია AirPop-მა შექმნა “ჭკვიანი ნიღბები”, სახელწოდებით Active+. ვიზუალურად ისინი მრავალჯერადი გამოყენების ნიღბებს ჰგავს, თუმცა, მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგან მობილურ მოწყობილობას შეიძლება შეუერთდეს Bluetooth-ით.

Active+-ის გადამცემი რეალური დროის რეჟიმში გადასცემს თანდართულ მოწყობილობას სხვადასხვა მონაცემს (ინფორმაციას), წუთში ჩასუნთქვის სიხშირიდან დაწყებული, გარე ჰაერის ხარისხით დამთავრებული. ეს ყოველივე კი, ფილტრის შეცვლის აუცილებლობის განსაზღვრის საშუალებას მარტივად იძლევა.

თინათინ გოცაძე

 

 

 

კომენტარები