„მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა“-კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა:

-„ინფლაცია 2020 წლის იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტამდე შემცირდა, ეს 2019 წლის დეკემბრის 7.0 პროცენტიან ინფლაციასთან შედარებით 0.6 პროცენრული პუნქტით ნაკლები იყო. შემდგომ, მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვასა და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდა. მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პანდემიის გამო  პრაქტიკულად გაჩერდა, ამის გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით!  უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის ჩაკეტვამ ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა, ეს აისახა ფასებზეც. შედეგად, ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს 6.9 პროცენტს, აპრილში მიაღწია. რადგანაც მოსალოდნელი იყო, წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციის მაჩვენებელზე კლების მიმართულებით იმოქმედებდა, არსებულ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, ივნისსა და აგვისტოში კიდევ 0.25-0.25 პროცენტული პუნქტებით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა.

გასული წლის შემოდგომაზე კვლავ გამოიკვეთა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლდა თან. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ იმპორტული საქონლის პროდუქციის ფასებზე წნეხი შექმნა, ეს თავის მხრივ, ინფლაციაზე მნიშვნელოვნად აისახა. მაღალი დოლარიზაციის გამო, კურსის გაუფასურებამ არაჰეჯირებული მწარმოებლების სესხის მომსახურების ხარჯებიც გაზარდა. მკვეთრად გაიზარდა ვირუსის გავრცელების ტემპი, რასაც დამატებითი შეზღუდვები და შედეგად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორების შენარჩუნება მოჰყვა. შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი წლის დარჩენილ პერიოდში 8.0 პროცენტზე შენარჩუნდა. 2020 წლის დეკემბერში ინფლაცია საგრძნობლად, 2.4 პროცენტამდე, შემცირდა, ძირითადად, ეს მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იყო გამოწვეული. წლის განმავლობაში, საშუალოდ, ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა“.

კომენტარები