მუზეუმების საერთაშორისო დღე გუგლმა საქართველოს განსაკუთრებულად მიულოცა – ონლაინ პლატფორმაზე საქართველოსადმი მიძღვნილი საგანგებო გამოფენა ჩატვირთა

მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა გაერთიანებამ – გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე საქართველოსადმი მიძღვნილი საგანგებო გამოფენა ჩატვირთა.

გუგლისათვის დამახასითებელი სპეცეფექტების გამოყენებით მომზადებულ ონლაინ გამოფენას „სამეფო საგანძურის დაბრუნება“ ეწოდება. ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზის უნიკალურ პორტრეტს ეძღვნება.

პორტრეტი საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დაუბრუნა.

ერთი ნამუშევრისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბური ონლაინ გამოფენა კავკასიის რეგიონში გუგლმა პირველად მოამზადა. გუგლის სპეციალისტებთან ერთად ხელოვნების სასახლის თანამშრომლები რამდენიმე თვე მუშაობდნენ. გამოფენის უნიკალური პორტერტის თავგადასავალი, მისი შექმნისა და დაკარგვის ისტორიაა აღნიშნული.

ონლაინ გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება აქვს შეიხედოს პორტრეტის შიგნითაც, დაათვალიეროს ულტრაისფერი და ინფრაწითელი სხივებით გადაღებული ფოტოები, – კარგად მოჩანს პორტრეტის საუკუნოვანი წარსული, დაზიანებისა და რესტავრაციის კვალი.

ქართლ-კახეთის მეფის პორტრეტი მსოფლიოში სახელგანთქმული XVIII საუკუნის მხატვრის ალექსანდრე ანტროპოვის მიერაა შექმნილი. ის ძალიან დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა. ნახატი ირანში 1819 წელს თეიმურაზის შვილიშვილს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ ალექსანდრე ბატონიშვილს უნდა წაეღო, მისი სიკვდილის შემდეგ პორტრეტი ევროპაში გაიგზავნა. გარკვეული პერიოდი გერმანიის საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირად კოლექციაში ინახებოდა. შედევრად აღიარებული ფერწერული ტილო 2018 წელს ფონდმა ქართუმ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე შეისყიდა, ხელოვნების სასახლეს -კულტურის ისტორიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

თეიმურაზ მეორე 1762 წლის 8 იანვარს მოსკოვში გარდაიცვალა. ასტრახანში დაკრძალეს. ალექსანდრ ანტროპოვმა მისი პორტრეტი 1761 წელს დახატა.

მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა.

კომენტარები