მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულები, ზურაბ ფოფხაძე და ვახტანგ ბურძენიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულები, ზურაბ ფოფხაძე და ვახტანგ ბურძენიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები ვახტანგ ბურძენიძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

კომენტარები