„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია“– დავით სონღულაშვილი

გურჯაანის ტექნოპარკში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ,,ღია დიალოგი ბიზნესთან”.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის პროექტის მენეჯერი კნუტ გერბერი და ტექნოპარკის ქსელის მენეჯერი გიორგი კეჟერაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც პარალამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მხარდამჭერი პროექტები სგანხორციელება სახემწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია.

„დღეს, მცირე და საშუალო ბიზნესთან იყო შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, ამიტომაც მათი მხარდამჭერი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამ კომპონენტში, წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე მათ მისცემს შესაძლებლობას იყვნენ მეტად კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლონ თავისი პროდუქციის წარმოება თუ მოყვანა, რაც შემდგომში თავისთავად განაპირობებს მაღალ შემოსავლებსაც,“ – განაცხადა გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა GITA_ს ტექნოპარკების ქსელის მენეჯერმა გიორგი კეჟერაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის ტრადიციულ ქვედარგებში მეღვინეობა, მესაქონლეობა, მერძევეობასა და სამაცივრე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

-„დღევანდელი შეხვედრა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის, იმისთვის რომ შედგეს კომუნიკაცია ადგილობრივ კერძო სექტორსა და საჯარო უწყებებს შორის. ჩვენ გვეძლევა საშუალება ერთმანეთს გავუზიაროთ სიახლეები, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე, სხვადასხვა დარგის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე მოხდა მსოფლიოს სხვადასხვა მაგალითის ჩვენება, სადაც ნათლად გამოჩნდა რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ტემპები ისეთ ტრადიციულ ქვედარგებშიც კი, როგორიცაა მეღვინეობა, მესაქონლეობა, მერძევეობა და სამაცივრე მეურნეობა, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. იმისთვის რომ ჩვენთანაც გაიზარდოს პროდუქტიულობა და ქართველი მეწარმეებიც კონკურენტუნარიანები აღმოჩნდნენ ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე ვფიქრობ, აუცილებელია პირველ რიგში გამოვიკვლიოთ მათი საჭიროებები, მუდმივად მოვახდინოთ ინფორმირება მათ სფეროში არსებულ ინოვაციებზე, ერთად დავამუშავოთ ახალი იდეები, და საბოლოოდ, მიზნობრივი პროგრამებით, დავეხმაროთ მათ წარმოებასა თუ მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში,“  აღნიშნა გიორგი კეჟერაშვილმა.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პალატა ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს რეგიონების მიხედვით რეგულარულად ატარებს. შემდგომში ბიზნეს წრეებიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და კონკრეტული საკითხების შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.

-„ღია დიალოგის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში გავეცანით ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებსა და გამოწვევებს, ასევე ვიმსჯელეთ არსებული პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებზე და დავსახეთ მომავალი გეგმები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ზოგადად პროექტის შესახებ გეტყვით, რომ პალატა ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრებს რეგიონების მიხედვით რეგულარულად ატარებს. ბიზნეს წრეებიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და კონკრეტული საკითხების შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს,“ აღნიშნა გიორგი პერტაიამ.

ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები ასევე წარადგინეს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და აწარმოე საქართველოს წარმომადგენლებმა.

ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია და გამოწვევების გამოვლენა, ასევე სახელმწიფო მხარდამჭერ პროექტებზე ხელმისაწვდომობა – ეს ის მთავარი საკითხებია, რის გარშემო ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს გურჯაანის ტექნოპარკში შეკრებილმა ღონისძიების მონაწილეებმა, ხოლო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მონაწილე უწყებებისგან.

პროექტის “ღია დიალოგი ბიზნესთან” მიზანია ბიზნესთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება, მათ სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და სახელმწიფო მხარდამჭერ პროექტებზე ხელმისაწვდომობა.

კომენტარები