“მხოლოდ იგორ გიორგაძეს შეუძლია, ნათელი მოჰფინოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის იდუმალ დეტალებს!” – ზაზა დავითაია:
ჟურნალისტი ზაზა დავითაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
– “გაინტერესებთ, რატომ არ იხსნება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე?
იმიტომ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც დოკუმენტურად შეუძლია გარდამტეხი ცვლილების შეტანა მკვლელობის გამოძიებაში – გახლავთ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი,
იგორ გიორგაძე,
გაიხსენეთ:
1994 წელს ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა. კომისიის ერთადერთმა წევრმა არ მოაწერა ხელი ასეთ დასკვნას. ის გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე
იგორ გიორგაძე!
– წერს ზაზა დავითაია და იგორ გიორგაძის მონაწილეობით 2015 წლის ივლისში გასული სატელევიზიო გადაცემის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვერსიის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს.
თავიდან, 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. 2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ, ხოლო 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.