ნათია თურნავა: „ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება, ფოთის პორტის მიმართვაზე კი, გადაწყვეტილებას განხილვის შემდეგ მივიღებთ“

-„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, მიწათსარგებლობის ნებართვასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიმართვა განიხილოს.

„ეიპიემ ტერმინალსმა”, რომელიც არის ფოთის პორტის მმართველი, სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციას მიმართა მიწათსარგებლობის უფლების მოპოვებაზე, რაც სამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცესის საწყისი ეტაპია. ჩვენ გვაქვს ერთი თვე, რომ განვიხილოთ პროექტი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით არაფერი გადასცემიათ, მაგრამ მინდა გითხრათ, ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ერთი პორტიც ვერ ააშენა, რაც სატენდერო პირობებითა და კონტრაქტით ევალებოდა. აქედან გამომდინარე, მათი შეფასება და მსჯელობა, რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი. საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც გადაწყვეტს ბიზნესი და დღეს ბიზნესი განიცდის აღმავლობას, იზრდება ტვირთების მოცულობა, მათ შორის საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება 40 პროცენტზე მეტით იყო გასულ წელს გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, შეიძლება, არაერთი პორტი იყოს მხარდაჭერილი.

ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი ძალიან მალე დაიწყება. ახლა სატენდერო პირობების გადახედვა მიმდინარეობს. გვინდა, ამ პროცესში ჩავრთოთ ერთ-ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რათა უფრო მაღალ დონეზე ჩატარდეს ტენდერი და მეტი წვდომა იყოს, მათ შორის ვსაუბრობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD). გვინდა, ყველა პოზიტიური ცვლილება, რაც კონტრაქტმა ბიზნესის სასარგებლოდ განიცადა, ავსახოთ საბოლოო სატენდერო პირობებში“, – განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

“ეიპიემ ტერმინალსმა” ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვის მისაღებად ხელახალი პროცედურები დაიწყო. მათ 11 თებერვალს, მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს”.
კომენტარები