ნათია თურნავა: „ვმუშაობთ, რომ ტურიზმის სექტორს ეფექტიანი ანტიკრიზისული გეგმა შევთავაზოთ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფორმატში განიხილეს კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ვირუსის მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, ტურისტული ინდუსტრია. პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

-„ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისული გეგმა შევთავაზოთ.

პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები შევხვდით საბანკო სექტორს. შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი – ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იქნება ეფექტური და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანი ვართ, ჩვენი მოკავშირეა საბანკო სექტორი; მეორე ამოცანა იყო, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა, პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. შევხვდით სხვადასხვა ზომის სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ პირველი დარტყმა კორონავირუსმა, ამ გლობალურმა გამოწვევამ, ტურიზმის ინდუსტრიაზე მიიტანა.

სახელმწიფოს ამ მიმართულებებით ექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 

კომენტარები