ნათია თურნავა – „იქნება წერტილოვანი შეზღუდვები – რა დოზით შეეხება წერტილოვანი შეზღუდვები ზამთრის კურორტებს“

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, მიმდინარეობს მსჯელობა, რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს. ამაზე ვმსჯელობთ, ეს გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, ჩენთვის  რა თქმა უნდა პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება.

ვმუშაობთ ამ საკითხზე. ზოგადად, თქვენ იცით, არ ვაპირებთ ქვეყანაში მასშტაბურ ლოკდაუნს, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები და იმავდროულად არ დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ.

არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები,  შემდეგ თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით გვექნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე, ზამთრის კურორტი, ისევე როგორც საზაფხულო კურორტი, არის გარკვეულად დიდი მობილობის გენერატორი და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. რამდენად შევძლებთ, ამ პირობებში სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, ეს კითხვა დგას, ჩვენ ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ.  ხელისუფლება ქვეყანაში მასშტაბურ ლოკდაუნს არ გეგმავს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები