ნათია თურნავა: „2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი – 2012 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი“

-„2021 წლის ბოლომდე სამეგრელოში 34 პროცენტიდან 83 პროცენტამდე გაიზრდება გაზიფიცირების დონე, გურიაში – 37 დან 98 პროცენტამდე, აჭარაში, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, – ძალიან რთულია ამ პროექტების განხორციელება, თითქმის გაორმაგდება, 55 პროცენტიდან 81 პროცენტს მიაღწევს, ქვემო ქართლში 80 პროცენტამდე გაიზრდება, შიდა ქართლში იქნება თითქმის ასპროცენტიანი დაფარვა, კახეთში ეს მაჩვენებელი მიაღწევს 86 პროცენტს, მცხეთა მთიანეთში იქნება 83 პროცენტი, იმერეთში – 79 პროცენტი.

მთლიანობაში, საქართველოში, 2021 წლის ბოლომდე სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის 90 პროცენტზე მეტის გაზიფიცირებას. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენისთანა რელიეფის მქონე ქვეყნისთვის.

ეს არის სახელისუფლებო გუნდის, კონტრაქტორი და გაზგამანაწილებელი კომპანიების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. „ეს არის აძალიან მასშტაბური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 2019-2021 წლებში 384 დასახლებულ პუნქტში 5217 კილომეტრი სხვადასხვა წნევის მილით გაზის გაყვანას, რისთვისაც 240 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2012 წლის შემდეგ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარდინალურად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ – თუ მანამდე აქცენტი ძირითადად კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ და პრაქტიკულად, ორჯერ და მეტად გაიზარდა გაზიფიცირების დონე სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე.

კომენტარები