„ნამახვანიჰესის” პროექტის კონკურსთან დაკავშირებული ბრალდებები – „მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდება, თითქოს, ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ინტერესებს არავინ იცავდა“

 საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ინფორმაციას ავრცელებს:

-„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანი ჰესის” პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ.

ფონდის დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია ჩაატაროს მსგავსი ტენდერი. აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

-„რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, რომ კომპანიის შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, მინდა განვმარტო, რომ ტენდერში 26 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია მონაწილეობდა. ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც „ქლინ ენერჯი გრუპი“ შეირჩა, ყველაზე დაბალი ფასი იყო. ასევე ტყუილია და უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს, ინვესტორი შეიცვალა და ახალი ინვესტორიც ჩანაცვლდა.

განაცხადების გაკეთების დროს კომპანიის დამფუძნებლები გახლდნენ ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი” და თურქული კომპანია “ენკა”, რომელიც დღესაც წარმოადგენს „ნამახვანი ჰესის” ინვესტორ კომპანიას”, – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდება, თითქოს, ხელშეკრულების პირობების მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ინტერესებს არავინ იცავდა.

„მოლაპარაკების დროს პროცესში ჩართულები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალკვალიფიციური იურისტები, ასევე სახელმწიფომ დაიქირავა საერთაშორისოდ აღიარებული და წარმატებული იურიდიული კომპანია White & Case, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში და მონაწილეობდა მოლაპარაკებების მთელ პერიოდში, რომელიც წარმატებით დასრულდა 2019 წლის აპრილში და დაიდო იმპლემენტაციის ხელშეკრულება. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, „ნამახვანი ჰესის” კასკადის ტენდერის პროცედურები სრულად გამჭვირვალე იყო, შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობას და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ გავრცელებული ყველა ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია”, – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

კომენტარები