„ნამახვანჰესის“ ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა სატენდერო პირობა იყო, ამიტომ …“ – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა:

-„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება.
დღეს საქართველოში პრაქტიკულად ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“ არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელიც არის 99 წელი. – ეს იყო სატენდერო პირობა, როდესაც თავის დროზე, ეს პროექტი გატენდერდა და რასაკვირველია, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სატენდერო პირობა, მოქნილობა ნაკლები გვაქვს. თუმცა, კიდევ ვამბობ, ასეთი ძალიან ბევრი პრეცედენტია, ეს არის კანონთან სრულიად შესაბამისი გადაწყვეტილება. მიწით საერთოდ უვადო სარგებლობის პრეცედენტიც არის არა მარტო საქართველოში, სადაც რეალურად, ყველა კერძო პროექტი ასეთია, არამედ ასეა ჰიდროსადგურები მაგალითად, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში“.

კომენტარები