„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავენ და მოსახლეობას თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ ცაგერის მოსახლეობის შემდეგ, ამბროლაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას გეგმავენ და მოსახლეობას თბილისში, 23 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

-„ვიდრე 23 მაისამდე მივალთ, სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა იყო წყალტუბოში, დღეს ვიყავით ცაგერში, ლენტეხის მოსახლეობაც იყო ჩამოსული, მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა ამბროლაურშიც, გავაცანით საკითხის შინაარსი და დეტალები. ხვალ დაგეგმილი გვაქვს გასვლა გურიაში. მოვუწოდებთ მოსახლეობას, 23 მაისს დაგეგმილ აქციაზე მოვიდნენ. ავუხსნით მოსახლეობას, რატომ არის მნიშვნელოვანი, ბევრი ადამიანი რომ ვიდგეთ 23-ში დედაქალაქში. ზოგადად ვცდილობთ, პირდაპირი კომუნიკაციით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას.

ჩვენ მიერ დაყენებული საკითხები უკავშირდება „ნამოხვანს“. ჩვენ არ ვართ პარტია, რომელსაც მოეთხოვება ან ევალება ფართო სპექტრის და ხედვების წარმოდგენა სხვადსხვა მიმართულებით. ვცდილობთ, ჯერ პრეცედენტი შევქმნათ, –  „ნამოხვანთან“ დაკავშირებული სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაწყდეს ხალხის სასარგებლოდ. შემდეგ რა პრობლემებიც დაუდგება საზოგადოებას, როგორც სახალხო მოძრაობა, ვეცდებით, ადეკვატური რეაგირება ვიქონიოთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

კომენტარები