ნანა ჩიხლაძე: ბავშვები კომაში ვარდებიან და პირდაპირ რეანიმაციაში ხვდებიან!

საზარელი დაავადება დიაბეტი – ადამიანებს დიდ პრობლემებს უქმნის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს სენი ბავშვებს ემართებათ? – საქართველოში 950 ბავშვი ყოველდღიურად, წამების მდგომარეობაში იმყოფება და ხელისუფლების ვალია, პატარა მოქალაქეები ამ ხვედრისგან იხსნას – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ერთ-ერთი დიაბეტიანი ბავშვის მშობელმა, ექიმმა ნანა ჩიხლაძემ:

– ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც არასათანადო მართვის შემთხვევაში ინვალიდობას და სიკვდილს იწვევს. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე უცნობია, ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებას ბიძგს აძლევს რომელიმე ვირუსი, გადატანილი სტრესი, ან სულაც, მემკვიდრეობით გადადის. სამწუხაროდ, ეს სენი ძირითადად მოზარდებს და ახალგაზრდებს ემართებათ. ტიპი 1 დიაბეტი მეორე ტიპის დიაბეტისგან ბევრად რთული სამართავია, ვინაიდან კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის წარმომქმნელი ბეტა უჯრედების კვდომის გამო ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. საქართველოში ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული 950-ზე მეტი ბავშვია, რაც საკმაოდ ბევრია, თანაც, დაავადებულთა რაოდენობა თანდათან მატულობს.

– როგორ გებულობს მშობელი, რომ მის ბავშვს ტიპი 1 დიაბეტი დაემართა?

– თუ ბავშვს წყურვილის გაძლიერებული გრძნობა გააჩნია, ხშირად შარდავს, წონაში სწრაფად იკლებს, მუდმივად გაღიზანებულია და მხედველობა ებინდება, მშობელმა დაუყოვნებლივ განგაში უნდა ატეხოს და სისხლში გლუკოზის რაოდენობის გასასინჯად ბავშვი ექიმ – ენდოკრინოლოგს მიუყვანოს. მე ექიმი გახლავართ და დროულად მივხვდი, რომ ჩემს 3 წლის გოგონას ტიპი 1 დიაბეტი ჰქონდა. მოულოდნელად მან შარდზე გასვლის მიზნით ღამით გაღვიძება დაიწყო და დიაბეტზე ეჭვი მივიტანე. მართლაც, როცა სისხლში გლუკოზის ანალიზი გავუკეთეთ, შაქარი საკმაოდ მაღალი – 215 აღმოაჩნდა. მაღალი შაქარი კეტოაციდოზს – სისხლში მჟავიანობის მკვეთრ მატებას იწვევს, რაც ორგანიზმში შეუქცევადი ცვლილებების საფუძველი ხდება და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას განაპირობებს.
იმის გამო, რომ საქართველოში ტიპი 1 დიაბეტის შესახებ საგანმანათლებლო კამპანია არ არსებობს და შესაბამისად, მშობლებმა თითქმის არაფერი იციან – დიაგნოზის დადგენა მშობლებს და ექიმებსაც ძალიან უჭირთ. ამიტომ, დაავდებული ბავშვები მაღალი შაქრის გამო ძალიან ხშირად კომატოზურ მდგომარეობაში ვარდებიან და პირდაპირ, რეანიმაციაში ხვდებიან. შვილის ავადმყოფობის შესახებ მშობელი მაშინღა იგებს, როცა ბავშვი სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემების წინაშეა პერიფერიებში მცხოვრები მოსახლეობა.

– რანაირად მართავთ შვილის ამ ავადმყოფობას?

– ბავშვს რეალურად, დღეში ოთხჯერ ინსულინის ინიექცია ესაჭიროება. დაავადების თანმხლები ტვირთის ზიდვა ბავშვებს მთელი ცხოვრება უწევთ. მშობლისთვის ან მეურვესთვის ბავშვის ამ დაავადების მართვა ნამდვილად არ არის მარტივი. გარდა იმისა, რომ დიდ მატერიალურ რესურსს მოითხოვს, ფსიქოლოგიურადაც ძნელია. ბავშვი დღეში მინიმუმ 4, ხოლო საშუალოდ 5-6 ინექციას იკეთებს. გლუკოზის კონტროლისათვის დამატებით, დღე-ღამეში თითზე 6-10, ხოლო არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს, 15-მდე ჩხვლეტაა გარდაუვალი, რადგან ამაზეა დამოკიდებული გართულებების თავიდან აცილება. წარმოიდგინეთ, როგორი გაწამებულია პატარა, რომელიც თითოეულ ჩხვლეტას მძაფრად განიცდის და ტირის, რა მძიმე მდგომარეობაშია მისი ფსიქიკა! გარდა ამისა, ავადმყოფი მოზარდები, რომლებსაც ჯანმრთელი თანატოლების მსგავსად უყვართ ტკბილეული და ნუგბარი, იძულებულნი არიან კვების მკაცრი რეჟიმი დაიცვან, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს როგორც საკვები ნივთიერებების დეფიციტამდე, ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე. ასეთ მდგომარეობაში მყოფი დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები დეპრესიით იტანჯებიან. ღამის სათებში გლუკოზის კონტროლის აუცილებლობა იწვევს დაავადებული ბავშვისა და მისი მშობლების უძილობას, რაც დამატებით, ნევროზების და ფსიქოლოგიური აშლილობების საფუძველი ხდება.

– საშუალოდ რა უჯდება ოჯახს 1 ბავშვის ავდმყოფობის მართვა?

– გლუკოზის გასაზომად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტული გლუკომეტრები, ხოლო ინიექციისთვის – სპეციალური კალმისტრები – „ფლექსპენები” – რაც ბენეფიციარს უფასოდ მიეწოდება, მაგრამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გლუკოზის გასაზომად გამოყოფილი ჩხირები ბავშვს დღეში 10-ჯერ ჩხვლეტის გათვალისწინებით, მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში ყოფნის. დანარჩენი ოჯახმა თავისი ხარჯით უნდა იყიდოს. პროცედურის გამოტოვება გამორიცხულია, რადგან საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება. თვეში მინიმუმ, ჩხირების 3 კოლოფია საჭირო, ერთი კოლოფი ჩხირი 30 ლარამდე, ანუ თვეში 90 ლარი ჯდება, რაც ხელმომჭირნე ოჯახებისთვის დიდი ტვირთია! ამას რაიონში მყოფთათვის ემატება 3 თვეში ერთხელ ინსულინის მისაღებად და ბავშვის სამედიცინო კონტროლზე გასატარებლად დედაქალაქში ჩამოსვლის ხარჯები, რადგან რაიონებში კონტროლის საშუალება არ არის.

– ნუთუ, თითში ჩხვლეტის ალტერნატივა არ არსებობს?

– განვითარებულ ქვეყნებში, სტანდარტული სახით ათწლეულების განმავლობაში არსებობს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. ეს მიკროინვაზიური ნემსია, რომელიც კანზე 2 კვირის განმავლობაში ფიქსირდება, იკეთებს სენსორს და დღე-ღამეში არა მხოლოდ 10 ჩხვლეტას არიდებს პატარებს, არამედ ყოველ 10 წამში ერთხელ ზომავს გლუკოზას სისხლში და 5 წუთში ერთხელ აფიქსირებს გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ აპარატი უახლოეს პერიოდში გლუკოზის ცვლილების დინამიკასაც განსაზღვრავს, რაზე დაყრდნობითაც, შესაძლებელი ხდება, მშობელმა ბავშვს იმ მომენტისთვის ოპტიმალური დიეტა განუსაზღვროს. სისხლში შაქრის ნორმალური დოზის მიღწევა აღნიშნული ტექნოლოგიით სავსებით რეალური ხდება, თანაც, მშობელსა და ბავშვს მუდმივ სტრესს აცილებს თავიდან.
ცივილურ მსოფლიოში ინსულინის ტუმბოც არსებობს, რომელიც 30 წლის წინ შეიქმნა და ტექნოლოგიურად უკვე საკმაოდ დაიხვეწა. მისი მომართვა იმგვარად შეიძლება, რომ ბავშვი ყოველდღიური ინიექციების გარეშე, მხოლოდ 3 დღეში ერთხელ ჩხვლეტით იღებს ინსულინის მისთვის საჭირო რაოდენობას. დღეისთვის აშშ-ში ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული ყველა ბავშვი სარგებლობს ინსულინის ტუმბოთი, რითაც შესაძლებელია ინსულინის მიწოდების ინდივიდუალურად დაგეგმვა დიეტური რეჟიმის დაცვის და საათობრივი კვების გარეშე, ანუ საკვების მიღება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რაც მათთვის დიდი შვებაა.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვების წამება შეწყდეს და ეს უახლოესი ტექნოლოგია საქართველოშიც დაინერგოს?

– მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება და ხარჯების სწორად გათვლა, რადგან უკვე ზრდასრულ ასაკში გართულებული ტიპი 1 დიაბეტი თითოეული პაციენტისთვის სახელმწიფოსგან გაცილებით მეტი თანხის გაღებას მოითხოვს, თუ გულ-სისხლძარღვთა პატოლოგიებში, ადამიანის სრულად დაბრმავებაში, თირკმლის უკმარისობაში, კიდურების ამპუტაციებამდე მისულ მდგომარეობაში და სხვა უამრავ მძიმე გართულებაში გადაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ტიპი 1 დიაბეტი აქვს მსოფლიოში ცნობილ არა ერთ ადამიანს – მადრიდის რეალის ცნობილ ფეხბურთელ ნაჩო ფერნანდესს, ცნობილ ამერიკელ კინომსახიობებს – შერონ სტოუნს და ჰოლი ბერის, ცნობილ მწერალ ენ რაისს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის. 950 ტიპი 1 დიაბეტით ავადმყოფი ბავშვისგან ქვეყანამ შეიძლება მიიღოს დიდი გონებრივი კაპიტალი და მატერიალური რესურსიც, თუ მათ ხვედრს შეუმსუბუქებს და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას მისცემს. ავადმყოფი ბავშვების მშობლები რა ხანია ხელმოწერებს აგროვებენ ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობას. “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან 950 ბავშვის და მათი მშობლების სახელით მივმართავ ხელისუფლებას – იხსენით ჩვენი შვილები, პატარა მოქალაქეები წამების ხვედრისგან და დანერგეთ საქართველოში ცივილიზაციის თანამედროვე მიღწევები. ვინ იცის, ამ გაწამებულ 950 ბავშვს შორის იზრდებიან მომავალი გენიოსები, რომელიც მსოფლიოს თავიანთი ტალანტით განაცვიფრებენ!

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები