ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის რესპუბლიკის ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა.
ბრალის დამტკიცების შემთხევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო. რაც შეეხება ო.რ.-ს, რუსთავის პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი. რუსთავში დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. რომლის პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები