“ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავს – „არავის მივცემთ ქალაქის პარალიზების და კოლაფსის შესაძლებლობას“ – ვაჟა სირაძე

„ნაციონალური მოძრაობა” აქცია-მსვლელობას მართავს. ისინი 14:00 საათიდან ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ,  მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან. ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდის მიმდებარედ არიან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით:

– „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება, ყველას განუმარტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი. განუმარტა ისიც, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვისაა აქ პოლიცია, პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის, მყისიერ ზომებს მიიღებს. არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა:

-„ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაც დღეს მორიგჯერ ვიხილეთ, –  დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს, ამის უფლებაც კი არ ეძლევა და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად,  თითქოს, სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება. ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში”.

კომენტარები