„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეცვალა – „ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ…“

„ნაციონალური მოძრაობა” აქცია-მსვლელობას მართავს. ისინი 14:00 საათიდან ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ,  მსვლელობით სანაპიროსკენ მიემართებიან. ამ დროისთვის, მსვლელობა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ გადაადგილდება, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა საავტომობილო გზაზე წარწერა გააკეთეს – „ოცნება კლავს, თავისუფლება მიშას”.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქცია-მსვლელობის მონაწილე პირებს გეზი შეუცვალა, იმ მიმართულებით წაიყვანა, საითაც გადაადგილება დაანონსებული არ ყოფილა.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა:

-„ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ. ძალიან ტრაგიკომიკური ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი, სპეცრაზმს წინ და უკან არბენინებენ, ახლა იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაისროლეს, ჩვენ წავედით აქეთ და ისინი გამოგვყვებიან უკან. ჩვენი ამოცანა სპეცრაზმთან კომფროტაცია არ არის, ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს, რას ნიშნავს არაძალადობრივი პროცესი. ის ძალა, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება, გაცილებით დიდი ინტელექტუალური პასუხისმგებლიანი უპირატესობით სარგებლობს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაიყვანეს. ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ე.წ. იუთერნი, – მოვტრიალდით, წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ესენი გამოგვეკიდებიან. თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს, პირველად ვნახე ასეთი რაღაც“.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით:

– „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება, ყველას განუმარტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი. განუმარტა ისიც, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვისაა აქ პოლიცია, პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის, მყისიერ ზომებს მიიღებს. არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი.

კომენტარები