ნაძალადევის რაიონში ლითონის დამცავი ღობეები მონტაჟდება

ნაძალადევის რაიონში, გრუზინსკის შესახვევის N23-ში 50-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება და ლითონის დამცავი ღობე მონტაჟდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
“ჩვენს რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. მსგავსი პროექტები სოლიდურ თანხას საჭიროებს და ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ ხერხდება. ამიტომ ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს გრუზინსკის შესახვევში. აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 184 456 ლარია. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს.
მიმდინარე წლის განმავლობაში საყრდენი კედლები კიდევ 12 მისამართზე მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 495 100 ლარი გამოიყო.

კომენტარები