„ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობისა და ცნობიერების ადამიანია“

-„ქართველი პოლიტიკოსების  განცხადებებმა კონგრესმენ მალინის წერილზე კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული პოლიტიკური კლასის პროვინციული ხასიათი. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ წერილს დიდი სიხარულით შეხვდა, არის კოლონიური ცნობიერების პოლიტიკოსი. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთლიანად ტრაგედიაა. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ იცავს ვერც საკუთარი მოქალაქეების, ვერც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, ის კომპანია დაიცვას, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს.

ვისაც რეალურად აინტერესებს, რა ხდება „ფრონტერას“ საკითხზე, შეუძლია, დედოფლისწყაროში ჩავიდეს. მე-11 თვეა, ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. ვისაც გული შესტკივა კომპანია „ფრონტერას“ მიმართ, ამ კომპანიის საქმიანობას გადახედოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს.

იქ ადამიანებს სპეცაღჭურვილობაც არ აქვთ, რომლითაც ისინი უნდა მუშაობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები