„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ – დავით ნარმანია

-„მოგესალმებით,
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია ზოგიერთი პირის მხრიდან გარემოსდამცველის სტატუსით ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ენერგეტიკაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჰიდროგენერაციას ემხრობა და ამ თემაზე საუბრობს. მათ არაერთხელ შევთავაზეთ დისკუსიაში, გადაცემაში ჩვენთან ერთად მონაწილეობა, თუმცა ყოველ შეთავაზებაზე უარი მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვთავაზობ გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.
ეს პოსტი არ ეძღვნება რომელიმე კონკრეტულ პირს, არამედ ზოგად მოსაზრებებსა და პოზიციებს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. თუ რატომ გვჭირდება ჰესები, ვრცელი სასუბრო თემაა. იმ საკითხებიდან, რასაც ზოგიერთი პირი არასწორად აწოდებს საზოგადოებას და შეჰყავს შეცდომაში, ახლა რამდენიმე პუნქტს განვმარტავ. ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სხვა არგუმენტირებულ მსჯელობებსაც სხვადასხვა ფორმატის საშუალებით.
მცდარია მოსაზრება, რომ ცალსახად, ეკონომიკის ზრდას არ მოჰყვება ენერგიაზე მოთხოვნა.
მცდარია მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის იმპორტი უმჯობესია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების განვითარება.
კიდევ ბევრი სხვა მოსაზრებაა მცდარი, რაზეც დაინტერესებულ მხარეებს ღია დისკუსიას ვთავაზობ.
ეკონომიკისა და ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას შორის არსებობს მაღალი პირდაპირპროპორციული კავშირი. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების საფუძველზე მოხდა ეკონომიკისა და ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას შორის ამ კავშირის ნაწილობრივ შეცვლა ე.წ. Decoupling. აღნიშნული გულისხმობს, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ენერგიაზე მოთხოვნა მცირდება. აღნიშნულის კარგი მაგალითია ევროკავშირის ქვეყნები. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას შორის არსებობს მაღალი პირდაპირპროპორციული კავშირი, ვინაიდან ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი 2020 წელს იქნა მიღებული და კანონის შესაბამისად მასშტაბური ენერგოეფექტური ღონისძიებები მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ეკონომიკისა და ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ე.წ. Decoupling საქართველოში უახლოეს მომავალში ჯერჯეობით არ არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება იმპორტირებულ და ადგილობრივი ჰესების (ე.წ. PPA ჰესები) მიერ წარმოებულ ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს, ადგილობრივი ჰესების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იმპორტისგან განსხვავებით უზრუნველყოფენ ქვეყნის ენეგროუსაფრთხოების დონის ზრდას. ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და გადასახადების სახით ქმნიან დამატებითი ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკაში, რაც დადებითად აისახება მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე. მეორე მხრივ იმპორტზე დამოკიდებულებით, გრძელვადიან პერიოდში, შესაძლებელია (რაც ასევე დიდი ალბათობით არის მოსალოდნელი) გაიზარდოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი და დამატებითი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს როგორც ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე, მაშინ როცა PPA ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი ფიქსირებულია (სტაბილურია) გრძელვადიან პერიოდში. ამასთან უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე გენერაციის ობიექტების ხელშესაწყობად შემუშავებულია მხარდაჭერის ახალი მექანიზმი საერთაშორისო პრატიკის გათვალისწინებით.
იცით, რომ მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რაც ელექტროენერგეტიკის სექტორში ძირეულ სტრუქტურულ და სავაჭრო ურთიერთობების ცვლილებას გულისხმობს. კონკრეტულად, საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგით ვაჭრობა განხორციელდება საათობრივად და ფასი დადგინდება გამჭვირვალედ თითოეული საათისათვის კონკურენტულ პირობებში. შესაბამისად, დღის და ღამის პერიოდში ფასები იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას და ასევე ფასების შემცირებას. ამასთან საცალო ბაზარზე გაჩნდებიან თავისუფალი მიმწოდებლები და მომხმარებლებს შესთავაზებენ ელექტროენერგიის მიწოდებას კონკურენტულ პირობებში, ხოლო მომხმარებლები საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად შეარჩევენ მათთვის სასურველ თავისუფალ მიმწოდებელს. ასევე, მომხმარებელების გარკვეული კატეკორია, კერძოდ მსხვილი მომხმარებლები, უფლებამოსილი იქნებიან ივაჭრონ საბითუმო ბაზარზე, რაც საშუალებას მისცემს მათ კიდევ უფრო შეამცირონ ელექტროენერგიის შესყიდვის დანახარჯები.
შეიძლება ბევრმა ოპონენტმა არ იცის, მაგრამ ახალი ბაზრის მოდელი ასევე ხელს უწყობს ენერგოეფექტურ ღონისძიებებს, როგორც ენერგეტიკული სისტემის, ისე ინდივიდუალურად ბაზრის მონაწილეების დონეზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა-მიწოდებისა და სავაჭრო პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც ასევე დამატებითი რგოლია ენერგოეფექტურობის კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად.
გარდა ამისა, სხვადასხვა პროექტებთან ერთად დავიწყეთ ენერგოეფექტურობის შესახებ სასკოლო პროექტი ამ სფეროს სპეციალისტებთან ერთად, გვინდა რომ ბავშვებს საგანმანათლებლო დონეზე ავუხსნათ რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა, რას ნიშნავს ენერგიის დაზოგვა, როგორ უნდა დაზოგონ ენერგია და ა.შ.“
დავით ნარმანია
კომენტარები