ნიკა მელიას ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმდა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დალი მეტრეველმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა; ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდების მხარე მისთვის 100 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ის პროცესს არ დასწრებია.

სასამართლომ მელიას დამატებითი ვალდებულება დააკისრა: მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საქართველოს საზღვრის კვეთაც შეეზღუდა.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მას ელექტროსამაჯურის ტარება აღარ მოუწევს.

კომენტარები