ნიკოლ ფაშინიანი: ნატომ უნდა განმარტოს, რატომ ბომბავენ თურქული F16-ები მთიან ყარაბაღს და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ნატომ უნდა განმარტოს, რატომ ბომბავენ თურქული F16-ები მთიან ყარაბაღს და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებში უშუალოდ არიან ჩართული.

„ახლო აღმოსავლეთიდან გადმოსროლილი ტერორისტები აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან და ეს ანკარის მფარველობის ქვეშ ხდება. როგორ შეიძლება ვინმემ სომხეთს შესთავაზოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა დაუცველად დატოვოს ტერორისტებთან ერთი ერთზე? ზავი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც თურქეთი სამხრეთ კავკასიას დატოვებს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

კომენტარები