ნიკოლ ფაშინიანი – ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის შექმნის ინიციატივა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ამ ინფორმაციას  სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანთან და გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანთან. შეხვედრას  ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციაზე ისაუბრა. მან აზერბაიჯანული მხარე სომხეთის წინააღმდეგ აგრესიაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა .

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა:

-„რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ყველა საბოლოოდ უნდა გამოვიდეთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ მუდმივი განცხადებების წრიდან, უნდა შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგის სანდო საერთაშორისო სისტემა. უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებების პროცესი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში და აზერბაიჯანმა საბოლოოდ უნდა დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია“.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები