ნინო აბაშიძე ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ სასწავლო კლინიკაში გადის პრაქტიკებს

ხულოში მხცოვრები ნინო აბაშიძე ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ სასწავლო კლინიკაში გადის პრაქტიკებს. უნივერსიტეტთან გასაუბრება სკაიპში, გერმანულ ენაზე გაიარა, რის შემდეგაც მას მოუვიდა მოწვევა.
ნინო აბაშიძეს საცხოვრებელი და კვებაც უფინანსდება. იგი სტიპენდიასაც იღებს.
აღნიშნულ სკოლაში სულ სამი ახალგაზრდაა საქართველოდან. იქ ყოფნის პერიოდში სტუდენტები პრაქტიკას სისხლძარღვთა ქირურგიაში, ვისერალურ ქირურგიაში და კარდიოლოგიაში გაივლიან.
“ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. ვარ მეხუთე კურსის სტუდენტი. წარმატებით გავიარე გასაუბრება გერმანულ ენაზე სკაიპით. რამდენიმე თვეში ჩამომივიდა მოწვევა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო კლინიკიდან, ლანდსჰუტიდან. მიმიწვიეს ორ თვიან პრაქტიკაზე. ეს გახლავთ ზოგადი-ვისცერალური და გულმკერდის ქირურგიის კლინიკა. ჩემთან ერთად არიან აგრეთვე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.ქალაქში ვართ სამნი. ჩვენი აქ ცხოვრება, კვება სრულად დაფინანსებულია და ამასთანავე, გვაქვს სტიპენდია.
ამჟამად ვიმყოფები სისხლძარღვთა ქირურგიაში და უკვე მომდევნო კვირიდან გადავდივარ კარდიოლოგიაში. ეს არის პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამა. გასაუბრება გერმანულად ჩაატარა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსმა ექიმმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, გიორგი გრიგოლიამ. ძირითადი მოთხოვნა არის გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა. ამ პროგრამის მეშვეობით ყოველწლიურად ბევრ სტუდენტს ეძლევა საშუალება, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება გერმანიის კლინიკებში, არა მხოლოდ ლანდსჰუტში.
აქ ყოფნის განმავლობაში გავივლი პრაქტიკას სისხლძარღვთა ქირურგიაში, ვისცერალურ ქირურგიაში და კარდიოლოგიაში”, – განაცხადა ნინო აბაშიძემ.

კომენტარები