ნინო ბურჯანაძე ბელორუსის ელჩს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელაჩებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად მან ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს, პარტიის ოფისში უმასპინძლა. როგორც ბურჯანაძე განმარტავს, თითოეულ ელჩთან შეხვედრა აუცილებელი და საინტერესოა ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერპექტივისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ბელორუსი ხალხის ტრადიციულ მეგობრობას და კეთილგანწყობას. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ბელორუს ხალხს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, სწორედ ამის მიმანიშნებელი იყო, მინსკში ჩატარებული თბილისობის ღონისძიება, სადაც ასი ათასამდე ბელორუსმა მიიღო მონაწილეობა.

მიხაილ მიატლიკოვმა სიამაყით აღნიშნა, რომ სწორედ მათ ქვეყანაში განისვენებს ქართველი პოეტი მირზა გელოვანი, რომელმაც სამამაულო ომის დროს, ფაშიზმისაგან ბელორუსიის გათავისუფლებას შეწირა სიცოცხლე. ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა ქართველი პოეტის დაფასებისთვის და იმისთვის, რომ ბელორუს ხალხს დღემდე არ ავიწყდება, პატივი მიაგოს ქართველი პოეტის საფლავს, რომელიც ყოველთვის ყვავილებით არის შემკული.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებას არც ის ქართველი ვეტერანები ავიწყდება, რომლებმაც ბელორუსიის გასათავისუფლებლად იბრძოლეს. უახლოეს მომავალში, ბელორუსიის ფაშიზმისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ისინი შეხვდებიან იმ ქართველ ვეტერანებს, რომლებიც იბრძოდნენ და იცავდნენ ბელორუსიას.

ნინო ბურჯანაძემ და მიხაილ მიატლიკოვმა ისაუბრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელორუსიას შორის სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობას და კმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ორ ქვეყანას შორის ექსპორტი და იმპორტი იზრდება, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია და მისი სრულად გამოყენება ორივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები