ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას გამორიცხავს

-„გამოვრიცხავ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას. გამორიცხულია, რომელიმე ერთმა ოპოზიციურმა ძალამ ერთპიროვნულად მოიგოს არჩევნები, რისი სურვილიც, სამწუხაროდ, სააკაშვილსა და მისი გუნდის ზოგიერთ წევრს აქვს.

სააკაშვილს ასევე ვერ ვხედავ საერთო ოპოზიციური კოალიციის კანდიდატად, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან მის პრემიერობას ერთმნიშვნელოვნად არ ექნება მხარდაჭერა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ, ეს ვერც სამართლებრივად მოხერხდება და ვერც მოქალაქეობიდან გამომდინარე. პარტიულად გასაგებია, იმიტომ, რომ ისინი თავისი ხმების მობილიზაციას აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროა,  ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, პარტიულმა ინტერესმა და მეტი ხმის აღებამ, ოღონდ არა გამარჯვებისთვის საკმარისმა ხმებმა, გადაძალა საერთო ინტერესი, საერთო ინტერესი იყო, პოლარიზება არ ყოფილიყო. მე ვურჩიე სააკაშვილს, თუ მას მართლა უნდოდა ეჩვენებინა, ის ქვეყნის ინტერესზე ზრუნავს, ამ არჩევნებზე გვერდზე გამდგარიყო, როგორც მე ეს გავაკეთე 2012 წელს და აღარ მიეცა ივანიშვილისთვის პოლარიზებისა და მიშა თუ ბიძინა, – ამ ნიშნით არჩევნების ჩატარების საშუალება. თუმცა, სამწუხაროდ, როცა ხელისუფლებაში იყო, არც მაშინ მიჯერებდა, და დაამთავრა ისე, როგორც დაამთავრა, ახლა რომ აღარ დამიჯერებდა, ცხადი იყო“, – განაცხადა  „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ  გადაწყვიტა, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყველა დანარჩენ საკითხზე საღამოს უპასუხებს პრეზიდენტი.

ქართული საზოგადოება ცვლილებებს ითხოვეს, ამის განხორციელება მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია“.

8 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა განცხადება – საქართველოში დაბრუნების შესახებ მიმართვას 9 სექტემბერს გამოაქვეყნებდა. მანამდე უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გამიოაქვეყნა, – ბოდიში მოიხადა და წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.

კომენტარები