ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის ინტერვიუს აქვეყნებს

სუს – ის საინფორმაციო სამსახურის თანამსრომელი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს გამოცემა “პრაიმტაიმისთვის” სუს” – ის უფროსის, ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის მიერ მიცემულ ინტერვიუს. მასალის სათაურია: “გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.” გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

– “კითხვაზე, გრძნობს თუ არა სუსის უფროსი, ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას, შს მინისტრობის კანდიდატი პასუხობს:

კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ, ჩატაევი და მისი თანამზრახველების მკვლელობაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგას რატომ არ მეკითხებით, ეს არ არის საინტერესო? ყველა ვინც იქ დაიღუპა, ვინც ჩატაევის გვერდით იყო, მათი ოჯახებიც საუბრობენ ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგი გერმანიაში. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, თემირლანი მოტყუებით იყო ამ ჯგუფთან ჩათრეული. ის იყო 18 წლის ბავშვი. ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება. ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. ყველაზე მარტივია გააკეთებინო არასრულწლოვან 15-17 წლის ადამიანს კრიმინალური დანაშაული, ვიდრე 30-40 წლის კაცს. მას ჰქონდა ხელყუმბარა, არ ჰქონდა, უნდა აეფეთქებინა თუ არა თავი – ამას პროკურატურა იძიებს, ამაზე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, უკაცრავად?! თუ იტყვიან რომ დამნაშავეა, დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?!

ერთი რაღაც მინდა ყველამ იცოდეს – არსებობს სისხლის სამართლის კანონი, ასევე იარაღის გამოყენების კანონი. მე როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცრაზმელი, მაქვს იარაღი, იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს და არც ჩემს ხელმძღვანელს, როცა შევდივარ ოთახში, ტერორისტი იქნება თუ კრიმინალი, როგორ უნდა მოვიქცე, იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ და მე ვწყვეტ ვესროლო თუ არა. მე რომ გავისვრი, მე უნდა ვაგო პასუხი და არა ჩემმა მინისტრმა და ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა“, – ამბობს გომელაური.

ცნობისთვის, 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.”

კომენტარები