ნინო ლაღიძე: მწვანე და წითელი ლაზერი – ცივი იარაღია! თვალის ბადურას ზოგჯერ, აღუდგენელადაც აზიანებს!

თბილისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სახიფათო ნოვაცია გამოიკვეთა: მომიტინგეთა უმრავლესობას ხელთ უპყრია ჩვენში ლამის, ბავშვის სათამაშოსთან გათანაბრებული ე.წ. მწვანე ლაზერი, რომლითაც წინასწარ დატრენინგებული აქციის მონაწილეები მთელი მონდომებით, პირდაპირ თვალებში ასხივებენ პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი კარგად არის აპრობირებული დასავლეთის რიგ ქვეყნებში. იქაური კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს, ლაზერის ხელსაწყო კი, ცივ იარაღად ითვლება. – „თუნდაც რამდენიმე წამით ლაზერის სხივით თვალებში მინათება მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას და, იშვიათად სრულად დაბრმავებასაც იწვევს!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალოქირურგმა

ნინო ლაღიძემ:

– არცთუ დიდი ხნის წინ ავსტრალიაში დიდი სკანდალი ატყდა ბავშვის გამო, რომელსაც მოკლე დროში რამდენჯერმე მიუნათებია საკუთარ თვალებში ლაზერი, ვითომ თამაშობდა – რამდენ ხანს გაუძლებდა. შედეგად მხედველობის 75% დაკარგა. მინათებიდან ცოტა ხანში ბავშვს თვალები აუწითლდა, მერე კი მხედველობის შესუსტებაც იგრძნო. ლაზერმა დამწვრობა გამოიწვია თვალის ისეთ უბნებში, რომლებიც ვეღარ აღდგება! საქართველოშიც ხშირია შემთხვევები როდესაც ცელქი მოზარდი ლაზერის სხივით ადამიანებს და ცხოველებს თვალებში ასხივებს; ანდა, ინტერესის გამო სხივს საკუთარი თვალისკენ მიმართავს. ამიტომ ოფთალმოლოგები მკვეთრ რეკომენდაციას ვაძლევთ მშობლებს – არ უყიდონ ბავშვებს ლაზერი!

 – რას წარმოადგენს ლაზერი?

– თავისი უნიკალური თვისებების გამო ლაზერმა ფართო გამოყენება ჰპოვა მეცნიერებაში, მედიცინაში, მრეწველობასა და ახალ ტექნოლოგიებში, კულტურასა და ყოფაცხოვრებაში, აგრეთვე სამხედრო საქმეში. შედარებით სუსტმა ლაზერებმა კი გამოყენება ჰპოვეს როგორც მანიშნებელმა სანათებმა. ლაზერის საშუალებით ხდება წარმტაცი ლაზერული შოუების მოწყობა, პრეზენტაციების გამართვა, დაკარგული ტურისტები ლაზერით მიანიშნებენ ხოლმე მაშველებს ადგილსამყოფელს. ლაზერის ძლიერ სხივს შეუძლია გააჩინოს ცეცხლი – ხანძარი შორ მანძილზეც გამოიწვიოს, შეუძლია გაჭრას ხე, კერამიკა, რკინაც კი! ამიტომ, მისმა არამიზნობრივად გამოყენებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ლაზერის სხივს შეუძლია საშიში დამწვრობა გამოიწვიოს. ვიმეორებ – განსაკუთრებით საშიში მხედველობისთვის გახლავთ, რადგან თვალის აპარატის შეუქცევად ტრავმებს განაპირობებს.

ლაზერი – გამოსხივებით, ანუ რადიაციით გაძლიერებული სინათლეა. იგი წარმოადგენს დიდი ენერგიის მატარებელ კონცენტრირებულ სინათლის სხივს, რომელიც ვიწრო დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღებით ხასიათდება. სასურველი ეფექტის მისაღებად ასეთი სხივი შეიძლება მივმართოთ ძალიან შორ მანძილზეც. 1917 წელს ლაზერული სხივის თეორიული საფუძველი შექმნა ალბერტ აინშტაინმა, ხოლო მომავალში განხორციელება ჰპოვა მრავალი ფიზიკოსის გამოგონებებში.

ლაზერის სხივის სიგრზე იზომება ნანომეტრებში, რაც მეტრის მემილიარდედი ნაწილია. ლაზერი, რომელიც იყიდება და ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის არის ძირითადად წითელი (630და 670 ნმ), მწვანე (532ნმ) და ცისფერი(445 ნმ). ყველაზე საშიში ლაზერი გამოასხივებს მწვანე და ლურჯ  ფერებს.

– რა მოხდება, თუ ადამიანს ღია თვალში ლაზერს მივანათებთ?

– ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მხედველობის ორგანოს დაზიანება ლაზერული მანიშნებელი სანათებით, რაც ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ითვლება, რომ წითელი ფერის ლაზერული მანიშნებლები ნაკლები რისკის შემცველია დაბალი სიმძლავრის გამო, თუმცა თვალზე ხანგრძლივი და პირდაპირი ზემოქმედებისას მძიმე შედეგებს მაინც იწვევს. ეს ეხებათ განსაკუთრებით ცნობისმოყვარე ბავშვებს, რომლებიც ყველაფრის მიმართ ინტერესს იჩენენ, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერება არ შეუძლიათ. ელექტრომაგნიტური ტალღების როგორც ხილულ, ასევე უხილავ სპექტრს შეუძლია მხედველობის ორგანოს დაზიანება. ლაზერული მოწყობილობების და ლაზერის, როგორც საბრძოლო იარაღის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილებების გამო, სტატისტიკურად ელოდებიან ამ სახის დაზიანებების რაოდენობრივ მატებას როგორც ინდივიდებში, ასევე გარკვეულ  პოპულაციებში.

აღსანიშნავია, რომ თვალში დამიზნებისას ადამიანი ლაზერის სხივს ინსტიქტურად თვალს კი არ არიდებს, არამედ, პირიქით – სინათლის წყაროს მზერას მიაპყრობს. ამას შესაძლოა მოყვეს მხედველობის დროებითი დაკარგვა, ასევე, შედარებით მძიმე შედეგებიც – მაკულის ანუ ბადურა გარსის ცენტრალური უბნის დამწვრობა, რაც იწვევს მხედველობის არეში ე. წ. ბრმა ხალის გაჩენას, რომლის ზომა დამოკიდებულია ლაზერის სხივის ზემოქმედების ხანგრძლივობასა და დაზიანებული უბნის ფართობზე. მხედველობის ორგანოს დაზიანების ხარისხზე გავლენას ახდენს: 1. რადიაციის ტალღის სიგრძე; 2. რადიაციული გამოსხივების ხანგრძლივობა და ინტენსივობა; 3. დაზიანების ლოკაცია.  

ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, ლაზერი იწვევს მხოლოდ თვალის გაღიზიანებას, მაგრამ  ლაზერის სხივის თვალში პირდაპირმა მინათებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის ორგანოს მთელი რიგი დაავადებები: დროებითი სიბრმავე, კერატიტი (რქოვანა გარსის ანთება), უვეიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება), კატარაქტა (ბროლის შემღვრევა), მაკულის  ანუ ბადურა გარსის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნატიფი ცენტრალური უბნის შეშუპება და ხვრელი, პიგმენტური ეპითელიუმის და ფოტორეცეპტორების დაზიანება, ოპტიკური ნეიროპათია (მხედველობის ნერვის დაზიანება). ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობითი ფუნქციის მნიშვნელოვანი დაზიანება, ზოგჯერ კი, მედიცინისთვის დაუძლეველი შეუქცევადი ცვლილებები (მაგალითად, ბადურაზე ნაწიბურების გაჩენა), ასევე, სრულ სიბრმავეც. ძალზე ხშირია ლაზერის სხივით გამოწვეული მაკულარული სიბრმავე (მაკულა – ბადურის ცენტრალური უბანია, რომელიც პასუხისმგებელია ფერად მხედველობაზე). ასეთ დროს მხედველობის არეში ჩნდება სკოტომა (ბრმა, შავი ლაქა). სისხლძარღვების დაზიანებამ თავის მხრივ, შესაძლოა თვალის არეში სისხლჩაქცევები და შესაბამისად, მხედველობის უფრო მეტად დაზიანება გამოიწვიოს.

– მხედველობის დაზიანების ხარისხი დასხივების სიშორეზე რამდენად არის დამოკიდებული?

– არ აქვს მნიშვნელობა, ღამეა თუ დღეა… თუ ლაზერის სხივი ხვდება პირდაპირ თვალში, მას შეუძლია დააზიანოს თვალი 10 კმ მანძილიდანაც კი, თუმცა მხედველობის ზიანი გაცილებით მეტია, თუ დასხივება ახლო მანძილიდან ხდება.

განსაკუთრებით საშიშია ლაზერული მაჩვენებლები 50-300 მვტ სიმძლავრით. რომლებიც ხანმოკლე და პირდაპირი ზემოქმედების დროსაც (3 წმ და მეტი), იწვევს ბადურის შეუქცევად დაზიანებას, ასეთი სიმძლავრის ლაზერს წარმოადგენს მწვანე ლაზერული მანიშნებლები. მწვანე ლაზერული მანიშნებელი (510-530 ნმ სიგრძის სინათლის ტალღით) შეიქმნა 2010 წელს და ჰპოვა ფართო გამოყენება, ვინაიდან მეტად შესამჩნევია სიბნელეში, აქვს შორ მანძილზე განათების უნარი. თავდაპირველად ძალიან ძვირი ღირდა, თუმცა შემდგომში ბაზარზე გამოჩნდა შედარებით იაფი მწვანე ლაზერული მანიშნებლებიც. სიიაფე უხარისხო ფილტრაციული სისტემიდან გამომდინარეობს, რის გამოც არასაკმარისად ხდება ინფრაწითელი სხივების შთანთქმა. ჯანმრთელობისთვის სწორედ ამის გამოა საშიში. მწვანე ლაზერულ მანიშნებლებს იყენებენ ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზნეს პრეზენტაციებზე, ლაზერული შოუების მოსაწყობად, ტყეში დაკარგული ადამიანის საპოვნელად.

 – შეიძლება თუ არა ლაზერულ მანიშნებელს ეწოდოს „ცივი იარაღი?“

– „ცივი იარაღის“ კვალიფიკაციის მინიჭება არ არის სამედიცინო კომპეტენცია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ლაზერული სხივით მხედველობის ორგანოსთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმეს და შეუქცევადობას, რა თქმა უნდა, ის ნამდვილად შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული იარაღი. მწვანე ლაზერული მანიშნებელი ნამდვილი „ცივი იარაღი“ ხდება ე.წ  „ლაზერული ხულიგნების“ ხელში. მათ მსხვერპლად შეიძლება იქცნენ მძღოლები, მფრინავები, სპორტსმენები, სამხედროები და, რა თქმა უნდა, პოლიციელებიც. ჩემმა კოლეგამ, კახაბერ ს-ემ 2002 წელს მოსკოვში, ფიოდოროვის ინსიტუტში, რუსეთის სადისერტაციო ნაშრომების სიაში პირადად იხილა ნაშრომი სათაურით – “სნაიპერების დაბრმავების მეთოდოლოგია ლაზერით.” ლაზერის სხივი საბრძოლო იარაღია, რომელიც დამაზიანებელი ეფექტის გამო ფართოდ გამოიყენება სამხედრო ტექნოლოგიებში. გახსოვდეთ: ადამიანს ღია თვალში გაცნობიერებულად მიანათოთ ლაზერი – ეს უტოლდება დანაშაულს, ადამიანს ტყვია ესროლო ან დანა დაარტყა, რადგან შეიძლება ლაზერის სხივით ჯანმრთელობის გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოთ, ვიდრე ტყვიით ან დანით! რაღა რეზინის ტყვიით დაგიბრმავებიათ ადამიანი და, რაღა ლაზერის სხივით! ასეთი მოქმედება არის სხვისი ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანება შეგნებულად, წინასწარი განზრახვით!

 – უცხოეთში „ლაზერული ხულიგნები“ ისჯებიან?

– ძალიან ბევრ ქვეყანაში „ლაზერული ხულიგნობა“ კანონით დასჯადია. მსმენია ევროპასა და ამერიკაში რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, იმის გამო, რომ ლაზერის მინათებით პოლიციელების, ასევე, თვითმფრინავის პილოტის დროებითი სიბრმავე გამოიწვიეს. მძღოლმა, რომელსაც თვალში ლაზერს მიანათებენ, შეიძლება დაკარგოს მართვა და მოხვდეს სასიკვდილო ავარიაში. პოლიციელისთვის ლაზერის მინათებით შეიძლება ისარგებლოს კრიმინალურმა ელემენტმა და მხედველობის მიღმა ჩაიდინოს დანაშაული. პოლიციელისთვის თვალებში ლაზერის მინათება მრავალ ქვეყანაში კანონით დასჯადია. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ლაზერული თავდასხმა კანონით ისჯება14 წლამდე მოზარდებშიც. „უეფამ“ ოფიციალურად აკრძალა საფეხბურთო სტადიონებზე მატჩის დროს ლაზერული სანათების მოხმარება, ვინაიდან მას გულშემატკივარი იყენებდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისთვის მხედველობის შეზღუდვის მიზნით.

 – როგორია დასხივებულის სიმპტომები?

– თვალში ლაზერის სხივის თუნდაც ხანმოკლე მინათებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალების სიწითლე, თვალებში ფხაჭნის და ტკივილის შეგრძნება, ცრემლდენა, წვა, მხედველობის გარდამავალი დაქვეითება. პირველადი დახმარების მიზნით, რეკომენდაციის სახით მოწოდებულია თვალების ახვევა, ტკივილგამაყუჩებელი წვეთების ჩაწვეთება ან აბების მიღება, შემდგომში კი, აუცილებლად ოფთალმოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს მდგომარეობის ჯეროვანი შეფასება და ადექვატური, სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა. მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის და ინტენსივობის დაზიანებაა; თვალის რომელ ნაწილს მოიცავს; შეიძლება საქმე ქირურგიულ ჩარევამდეც მივიდეს!

 – რა ვიღონოთ, თუ ლაზერის სხივი თვალში მოგვანათეს?

– იმ შემთხვევაში, თუ ლაზერით თვალში მოგანათეს, არ შეხედოთ მანათობელ სხივს, ეცადეთ, დახუჭოთ თვალები, შემდგომში კი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა შეფასდეს მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.  ეს რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, რთული შესასრულებელია  პოლიციელებისთვის ან მძღოლებისთვის, რომლებიც არც დამცავ სათვალეს ატარებენ და ვერც თვალებს დახუჭავენ, მოვალეობის შესრულებისას. რამდენადაც ვიცი, საქართველოში პოლიციელის ამუნიცია არ ითვალისწინებს ლაზერისგან დამცავ სათვალეებს. რომც ითვალისწინებდეს, ასეთი სათვალით აღჭურვილი ადამიანის მხედველობა (განსაკუთრებით, ღამის პირობებში) შეზღუდულია, ხოლო სამართალდამცველს, რომელსაც გაფაციცებული ყურადღება მართებს, ფუნქციის შესრულების ხარისხი მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდა. არადა, ბოლო ხანებში ხშირად ვხედავ, პოლიციელს შეუიარაღებელ თვალში როგორ ასხივებს მომიტინგე ლაზერის სხივით.

 – პრევენცია რაში გამოიხატება?

– ლაზერული მანათებლებით თვალის დაზიანების პრევენციის მიზნით საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი: 1.არასდროს მიანათოთ სხივი თვალებში სხვა ადამიანს, ასევე, ცხოველებს. 2.არ მიანათოთ ლაზერის სხივი სარკეს, რადგანაც არეკლილი სხივებითაც შეიძლება მოხდეს თვალის დაზიანება. 3.ლაზერულ გამოსხივებასთან მომუშავე პერსონალმა აუცილებელია ატაროს დამცავი სათვალე და აღჭურვილობა.   ლაზერული მანიშნებელი სანათი არ არის სათამაშო! ნუ ჩაუგდებთ მას ხელში ბავშვებს და, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს.

ლაზერის სხივს, ისევე როგორც მრავალ პროგრესულ გამოგონებას, უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის, თუნდაც სამედიცინო დარგში, მათ შორის ოფთალმოლოგიაშიც,  ამიტომ გამოვიყენოთ მისი დადებითი მხარე ნუ ვაქცევთ მას იარაღად ბოროტი მიზნებისთვის!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

 

კომენტარები