„ნიღაბი თუ გიკეთია, ვირუსის ნაკლები რაოდენობა ხვდება ორგანიზმში, – უსიმპტომოდ და მსუბუქად წავა ინფექცია“ – ბიძინა კულუმბეგოვი

-„60 წლის ზევით ასაკში მყოფი პირები ინფექციის გამავრცელებლები არ არიან. აღნიშნულ შემთხვევაში, ასაკოვანი პაციენტების იმუნური სისტება სუსტია, ამიტომ მათი მხრიდან ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია.

ჩვენს ქვეყანას აქვს იმის უფლება და ფუფუნება, ბევრი ტეტსი გავაკეთოთ, მინდა რომ უფრო მეტი ტესტი კეთდებოდეს. დღეში 10, 15 ათასი, ყველა მინიმალური რისკის მქონე პაციენტი, რომელიც კორონავირუსთან არის ასოცირებული გამოვავლინოთ, იზოლაცია გავუკეთოთ, მისი კონტაქტები გამოვიკვლიოთ. აი, ეს არის სწორედ სამხრეთ კორეის მაგალითი, ჰონ-კონგის მაგალითი.

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი პრევენციის ფორმა, – პირბადე, უმნიშვნელოვანეს დაცვით მექანიზმს წარმოადგენს, ნიღბის ტარებას უკუჩვენება არ ახლავს.

იმ პირის ორგანიზმში, რომელიც პირბადეს ატარებდა და კორონავირუსით დაინფიცირდა, ნაკლები რაოდენობის ვირუსი მოხვდება, ეს ხშირ შემთხვევაში დაავადების უსიმპტომო ან მსუბუქ ფორმაში გამოვლინებას გამოიწვევს.

ნიღაბზე მინდა ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ხშირად ვამბობთ, – ჰიპოქსია მომკლავს, co 2-ის ამონასუნთქი მომკლავს, ეს ნამდვილად არ არის დამანგრეველი. ჩვენ მუდმივად ვატარებთ ნიღაბს. 12-წლიანი საექიმო პრაქტიკა მაქვს, ნიღაბს ვატარებ განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

მეცნიერულად დადასტურდა, თუ ნიღაბი მიკეთია და დამემართება კოვიდინფექცია, ნაკლები რაოდენობის ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში, – უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად წამივა დაავადება” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის” ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი  გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 80-ით გაიზარდა. ეს რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები