ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა – „დანაშაული, რომელსაც ახლა“

ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა:

-„დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს, პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე – “ჩემი გალაკტიონი.” ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან “მზიან ღამეში” აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან, – ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი: ვერაზე, წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი. – გამარჯობა, ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. /ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი/ – გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. – წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ. ბოლოს, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: – ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად …“

კომენტარები