ნუკრი ქანთარია: ექსკურსიებზე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, სასკოლო ექსკურსიების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მას გარკვეული კითხვები აქვს. როგორც მან აღნიშნა, თუ კანონპროექტს წარმოდგენილი სახით დაამტკიცებენ, მძღოლი “სანთლით საძებნელი” იქნება ან მისი მომსახურეობა სკოლას გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება.
“პრინციპებზე გეთანხმები, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ავტობუსი უნდა იყოს მწყობრში და თუ დიდ მანძილზე მიდის, თან სათადარიგო მძღოლი ახლდეს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები – თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება. ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებელია და მას ვერ ავკრძალავთ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით – პრობლემა ესეც შეიძლება, გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი“, – განაცხადა ქანთარიამ საკომიტეტო განხილვისას.
​ცნობისათვის, სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება.
შესაბამისი ცვლილებების შეტანა “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონსა” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” იგეგმება.
ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ევალება, 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება უზრუნველყოს.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან: ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი.
პროექტი კომიტეტს დავით მათიკაშვილმა გააცნო.

კომენტარები